logo
ENG



ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებისთვის 15 პირსა და ერთ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა

14 ივლ 202614:39
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/14/7v6m0g50dnl4mbc.png

 

ევროკავშირის საბჭომ უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და დაკავებული სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების გამო სანქციები 15 ფიზიკურ პირსა და ერთ ორგანიზაციას დაუწესა.

ევროკავშირის განცხადების მიხედვით, სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის ოფიციალური პირები და სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებიც უკრაინელი ტყვეებისა და სამოქალაქო პირების წამებაში, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაში არიან დადანაშაულებული.

სანქციები შეეხო დონეცკის ოლქში მდებარე ოლენივკის ციხის პირველი მოადგილის, დმიტრი ნილოვის, ასევე რუსეთის პაკინოს №7 სასჯელაღსრულების კოლონიის უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ალექსეი ხავეცკისა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) თანამშრომლის, იან ზანევსკის. სანქციების სიაში ასევე მოხვდა ტაგანროგის №2 წინასწარი პატიმრობის იზოლატორი (СИЗО-2), სადაც, ევროკავშირის ცნობით, უკრაინელი სამხედრო ტყვეები, სამოქალაქო პირები, მათ შორის ჟურნალისტები და ქალები, სისტემურ წამებას განიცდიდინენ.

ევროკავშირის საბჭომ დამატებით სანქციები დააწესა რუსეთის უდარნოეს №10 სასჯელაღსრულების კოლონიის ხელმძღვანელს, მის ხუთ მოადგილესა და სამედიცინო ნაწილის ხელმძღვანელზე.

სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას და ევროკავშირის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის მათთვის ფინანსური რესურსების მიწოდების აკრძალვას.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და დაკავებული სამოქალაქო პირების წამება, არასათანადო მოპყრობა და მკვლელობა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

 


close დახურვა