ევროპარლამენტარები "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ხალხი, რომელიც ქუჩაში, მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობს, ქუჩაშივე უნდა დარჩეს და დემოკრატია დაიცვას, - ევროპარლამენტი ხელისუფლებას აქციების დროს, პოლიტიკური ნიშნით დაკავებების გამო აკრიტიკებს და მიმართავს "ქართულ ოცნებას", თავი შეიკავოს აქტივისტების დაკავებისგან. მმართველი გუნდი კი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან და ევროპელი პოლიტიკოსები შეცდომაში ოპოზიციონერებმა შეიყვანეს. განცხადებები ამის შესახებ ევტრონესტის ასამბლეის მიმდინარეობისას გაკეთდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის თქმით, ევროპარლამენტის წევრებმა საკუთარი თვალით ნახეს საქართველოში მძიმე შექმნილი ვითარება.
„იყო ერთ-ერთი პარტიის მიერ შეთავაზებული რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებდა პოლიტპატიმრების განთავისუფლებას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, მთლიანობაში მნიშვნელოვანი მოწოდებები იყო, რაც ყველაზე მთავარია ევროპარლამენტის წევრებმა საკუთარი თვალით ნახეს საქართველოში შექმნილი მძიმე ვითარება“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.
ევროპარლამენტარების თქმით ქვეყანაში დღეს პოლიტიკური კრიზისია და ხელისუფლების წარმომადგენლები ვალდებული არიან ოპოზიციასთან დიალოგი აწარმოონ.
ევროპარლამენტარების ამ მოწოდებას დადებითად აფასებენ, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები.
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის თქმით ევროპარლამენტარების მხრიდან ბევრჯერ იქნა დადასტურებული ის, რომ ისინი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობით შეშფოთებული არიან.
„ის რომ ევროპარლამენტარები არიან შეშფოთებული ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობით ეს ბევრჯერ იქნა დადასტურებული ამ შესწორების ინიცირებითაც, მაგრამ განცხადებებში ძალიან ბევრმა ევროპარლამენტარმა ეს თავისი პოზიცია დააფიქსირა. საბოლოო ჯამში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის რომ ეს ფორუმიც გამოყენებული იქნა ევროპარლამენტარების მხრიდან და ის რომ კრიზისიდან გამოსავალი უნდა იყოს მოძებნილი დიალოგის გზით ეს იყო აღნიშნული სხვადასხვა ფორმით“,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.