გლობალური პანდემიის პირობებში მსოფლიოს ქვეყნების ნაწილი ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნებას ცდილობს. მკაცრი ზომების შემსუბუქების ახალი ეტაპი იწყება იტალიაში, გერმანიაში, ჩეხეთში, ხორვატიასა და შვეიცარიაში. ახალ ზელანდიაში კი უკვე ვირუსთან ეფექტურად გამკლავებაზე საუბრობენ. აკრძალვების მოხსნას ჯერ არ ჩქარობს ოფიციალური ლონდონი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დაავადების მეორე ტალღის რისკზე ვერ წავა.
კოვიდ 19-ის გართულების და საავადმყოფოში მკურნალობიის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერი სამსახურს დაუბრუნდა. ბორის ჯონსონი ჯერჯერობით არ აპირებს სწრაფად მოხსნას ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები და ეკონომიკურ ზარალზე მეტად, ეპიდემიის მეორე ტალღის თავიდან აცილებაზეა ორიენტირებული.
ახალ ზელანდიაში კი ვირუსთან წარმატებით გამკლავებაზე და მისი ფართო გადააცემის შეჩერებაზე საუბრობენ, თუმცა ქვეყანაში შეზღუდვებს მაინც სიფრთხილით ხსნიან. ახალ ზელანდიაში დღეიდან გაიხსნა კაფეები და რესტორნები, საიდანაც მოქალაქეებს საკვების მხოლოდ წაღება შეუძლიათ. ხვალიდან კი სამსახურებში 400.000 თანამშრომელი დაბრუნდება.
კორონავირუსის პანდემიის გამო შეერთებული შტატების აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი ქვეყნის ეკონომიკაში მცირე ხნით სერიოზულ პრობლემებს ვარაუდობს. ვაშინგტონში ელოდებიან, რომ დასაქმების შესახებ შემდეგ ანგარიშში, მონაცემები საკმაოდ დრამატული იქნება და უმუშევართა რიცხვი 16%- მიაღწევს. ადმინისტრაცია, ეკონომიკის გახსნის შემდეგ, ვითარების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ზაფხულის ბოლოს ვარაუდობს.
აკრძალვების შემსუბუქების პარალელურად, დღეიდან გერმანიაში, ფედერალური რესპუბლიკის თექვსმეტივე მიწაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა თავშეყრის ადგილებში სახის ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა. ამასთან, დასაშვებია მოქალაქეებმა ხელით ნაკეთი ნაჭრის ნიღბებიც გამოიყენონ. დაფარული უნდა იყოს სახის ნაწილი, რათა დაინფიცირებულმა მოქალაქეებმა ვირუსი არ გაავრცელონ.
სარკინიგზო მიმოსვლის ჩვეულებრივ გრაფიკს დღეიდან ეტაპობრივად უბრუნდება შვეიცარია. ფედერალურმა რკინიგზამ ზოგიერთი მიმართულება უკვე აღადგინა. ქვეყანაში, სადაც კორონავირუსით 1600 ადამიანი დაიღუპა, საზღვრები 13 მარტს ჩაიკეტა. შვეიცარიამ, რომელიც შენგენის ზონის წევრია, უკანასკნელი თვენახევრის განმავლობაში, მისი საზღვრებიდან უკან 56.000 უცხოელი გააბრუნა.