logo
ENG



ევროპული საქართველო, მთავრობისგან, პრეზიდენტის განცხადებების ოფიციალურ უარყოფას მოითხოვს

25 დეკ 201915:31
3 წუთის საკითხავი
 
06855cnizhiuhm3.jpg

 

„ევროპული საქართველო“ საქართველოს მთავრობისგან მოითხოვს, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებების ოფიციალური უარყოფა მოახდინოს.

როგორც პარტიის წევრმა, დავით ბაქრაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პრეზიდენტის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ „პრობლემური საზღვარი, საქართველოს, არა მარტო კონფლიქტის ზონებთან, არამედ აზერბაიჯანთან და სომხეთთანაც აქვს“, რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

„ჩვენ მივეჩვიეთ ქვეყნისთვის საზიანო, მავნებლური და ხშირად ბრიყვული განცხადებების მოსმენას, რასაც მმართველი გუნდი ქართულის არცოდნით ხსნის, მაგრამ მე მინდა მას შევახსენო, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან საქართველოს საზღვარი არ აქვს, სწორედ ამიტომ არის დღეს ვაჟა გაფრინდაშვილი ციხეში. მე მაინტერესებს, რომელი კონტექსტით შეიძლება გამართლდეს მისი ეს განცხადება. აფხაზეთი და ცხინვალი არის საქართველოს ნაწილი, აზერბაიჯანი და სომხეთი, ჩვენი მეზობლები. როგორ შეიძლება ისაუბრო საზღვარზე საკუთარ რეგიონებთან. რითი შეიძლება გამართლდეს, როცა ერთ სიბრტყეში აყენებ, საოკუპაციო ხაზს, რომელიც არ არის აღიარებული რუსეთის გარდა არავის მიერ, და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მეზობელ ქვეყნებთან. ეს არის ძალიან დიდი სიბრიყვე და ამასთან საქართველოს ინტერესების ფუნდამენტურად დამაზიანებელი მავნებლობა. რუსეთს აქვს ორი არგუმენტი, როცა ის მუშაობს ოკუპირებული რეგიონების აღიარებაზე მსოფლიოში. მსოფლიომ უნდა აღიაროს აფხაზეთი და ოსეთი იმიტომ რომ ქართველები არიან აგრესორები და მათ დაიწყეს ომი. ხომ არ გეცნობათ?! დიახ ეს არის ის, რაც საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ აქვს გაჟღერებული. რუსული არგუმენტი ორი: რა მნიშვნელობა აქვს რა წერია ფურცელზე და რას აღიარებს საერთაშორისო სამართალი, არსებობს დე ფაქტო რეალობა, სადაც აფხაზეთი და ოსეთი არიან დამოუკიდებელი რეგიონები და საქართველოს მეზობლები, ზუსტად ისე როგორც სომხეთი და აზერბაიჯანი. ეს არის ზუსტად ის, რაც პრეზიდენტმა განაცხადა გუშინ. ამიტომ ეს ყველაფერი არც ფრანგულიდან თარგმნაა, არც სიბრიყვე და არც კონტექსტის არცოდნა, ეს არის საქართველოს ეროვნული ფუნდამენტური ინტერესების დაზიანება. არგუმენტი რუსეთის ხელში - გააგრძელოს ბრძოლა, აფხაზეთის და ოსეთის აღიარებისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სიტყვების ციტირებით. ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ, საქართველოს მთავრობამ გააკეთოს ოფიციალური განცხადება იმაზე, რომ საქართველოს არანაირი საზღვრები ოკუპირებულ რეგიონებთან არ გააჩნია. მოვითხოვთ, არ მოხდეს ხელის დაფარება ამ მავნებლურ განცხადებაზე, რადგან ის ემსახურება მხოლოდ რუსეთის, როგორც ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს. ველოდებით რეაგირებას მთავრობისგან, რომელმაც ის პრეზიდენტად აგვარჩევინა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 


close დახურვა