logo
ENG



ევროპული საქართველო: სიცრუეა, რომ ერთიან სიაზე და თანამდებობებზე მოლაპარაკებები გვქონდა

23 სექ 202015:31
3 წუთის საკითხავი
 
5ldhwcomwueincp.png

ევროპული საქართველო სიცრუეს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მიხეილ სააკაშვილმა მათ შესთავაზა საერთო პარტიული სია მასში პარტიული კვოტებით და თანამდებობებით, და რომ თითქოს მიდიოდა ფარული მოლაპარაკებები და ამ საკითხს განიხილავდა ევროპული საქართველო.

მათი თქმით, საერთო სიის იდეა თავიდანვე უარყვეს საჯაროდ, რადგან ერთიანი სიის გაკეთება იქნებოდა ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის დაბნევა და შემცირება და არა მობილიზება და გაზრდა.

"რეალობა არის შემდეგი. 13 ივნისს მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ მიმართვაში შესთავაზა ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ შეექმნათ საერთო სია. ეს იდეა მყისიერად იქნა უარყოფილი ყველა პოლიტიკური ძალის და, პირველ რიგში, ევროპული საქართველოს მიერ, მარტივი მოსაზრების გამო.

ერთიანი ოპოზიციური სია იქნებოდა დიდი საჩუქარი ივანიშვილისთვის, რომელიც ცდილობს, რომ შეგნებულად დახატოს ორპოლუსიანი სურათი, რომ თითქოს მხოლოდ ის და სააკაშვილი არის ორი ალტერნატივა. რეალურად კი ამომრჩეველი გაცილებით მრავალფეროვანია, რასაც ძალიან ბევრი კვლევა ადასტურებს. მოსახლეობის 50%-ზე მეტი მხარს უჭერს სხვა პოლიტიკურ ძალებს და არა ივანიშვილს და სააკაშვილს", - წერია განცხადებაში.

ივნისში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, ყველა ჯგუფი ერთიან სიაში გაერთიანდეს. ვიდეომიმართვაში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არის ერთიანობის "ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა".


close დახურვა