logo
ENG



ევროპული საქართველო: ჯანდაცვის სამინისტრომ ოცნების შემომწირველებთან გააფორმა კონტრაქტები

01 მაი 202013:53
3 წუთის საკითხავი
 

პარტია "ევროპული საქართველო", ჯანდაცვის სამინისტროს პანდემიის დროს, კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

მათი თქმით, სამინისტრომ იმ კომპანიებთან გააფორმა  ხელშეკრულებები  რომლებიც პანდემიის  დროს შეიქმნა და ან მათი  მფლობელები არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები. მაგალითად, შპს „ვიქენდმა“, რომელთანაც გაფორმებულია 1 329 000 ლარზე მეტი ხელშეკრულება. მისმა დამფუძნებელმა საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას 25 000 ლარი შესწირა. 

პარტიის ინფორმაციით, მაგალითად, ასეთი კომპანიაა „შილდი“, რომელიც 2020 წლის 10 აპრილს დარეგისტრირდა, ხოლო სამინისტრომ მასთან 5 დღეში 90 000-იანი ხელშეკრულება გააფორმა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი აცხადებს, 100 000-იანი კონტრაქტები გაუფორმა ჯანდაცვის სამინისტრომ ახლადშექმნილ კომპანიებს.

„კორუფცია და ნეპოტიზმი "ქართული ოცნების" შეუცვლელი ნიშნებია, მაგრამ ის, თუ როგორ იყენებენ ისინი ამისთვის კორონავირუსსა და პანდემიას, მათთვისაც კი ახალი სიმაღლეა. იმის ნაცვლად, რომ გამოეყენებინათ სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად გამოცდილი კომპანიები, თავისთვის შექმნეს კომპანიები მას შემდეგ, რაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და გაირკვა, რომ გარკვეულო აღჭურვილობა არის შესაძენი. 100 000-იანი კონტრაქები გაუფორმეს ბუკვალურად გუშინ შექმნილ ორგანიზაციებს. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროს გაგვცეს პასუხი როგორ მოხდა ეს გაუგებრობა და დაიწყოს გამოძიება და მეორე, მოიხსნას ყველა ის ხელოვნური შეზღუდვა, რომელიც აყოვნებს ბიზნესის ამუშავებას“, - აღნიშნა თარხნიშვილმა.

პარტიის კიდევ ერთი წევრი ბესო დონაძე კი მიიჩნევს, რომ კომპანიების უკან მმართველი გუნდის წევრები დგანან.

„აღნიშნული კომპანიები არ იძებნებიან ინტერნეტ სივრცეში. ისინი არ არიან რეგისტრირებულები შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე. როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო მოინდომებდა მათთან ხელშეკრულების გაფორმებას, ვერ იპოვიდნენ ამ კომპანიებს, რომ არ იყვნენ კომპანიის უკან ქართული ოცნების წარმომადგენლები“, - განაცხადა დონაძემ. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავა კი აცხადებს, რომ თანამდებობაზე იმყოფებიან ადამიანები, რომელთაც მხოლოდ გამდიდრება სურთ.

„თანამდებობებზე საშოვარზე მოსული ხალხია. პირველ რიგში, თავიანთი გამდიდრება ადარდებთ. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა, რომ გაგვეფრთხილებინა მთავრობა, რომ აი, ამ დროს მაინც მოერიდონ“, - განაცხადა ზოდელავამ.

ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ ჯანდაცვის სამინისტროში. იმ შემთხვევაში, თუ განმარტება არ გაკეთდება, „ევროპული საქართველო“ პროკურატურას მიმართავს.


close დახურვა