პროკურატურისთვის მიცემული ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, „ევროპული საქართველო“ 28 აგვისტოს გამოცემული შეწყალების აქტის შესასწავლად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იწყებს მუშაობას. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ შალვა თადუმაძის უწყებას საკმარისი დრო ჰქონდა იმის დასადგენად, თუ როგორ მოხვდნენ შეწყალებულთა სიაში კონკრეტული მსჯავრდებულები.
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უნდა დაადგინოს, რის საფუძველზე ან ვისი რეკომენდაციით შეიწყალა პრეზიდენტმა მძიმე დანაშაულისთვისთვის გასამართლებული პირები. ოპოზიცია ამის დასადგენად საგამოძიებო კომისიის შექმნას აუცილებლად მიიჩნევს. თუმცა, თუ „ქართული ოცნება“ ინიციატივას ჩააგდებს, ალტერნატიულ ნაბიჯად პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას განიხილავს.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რატომ არ არის გამოკითხული ამ საქმეზე შეწყალების აქტის ხელმომწერი - სალომე ზურაბიშვილი. ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ შეწყალებული 24 პატიმრიდან 10 მსჯავრდებული პატიმრობიდან უკანონო გარიგების საფუძველზე გათავისუფლდა.
ოპოზიციის მოთხოვნით, საგამოძიებო კომისიამ ისიც უნდა დაადგინოს, რა როლი მიუძღვის პატიმრების სიის შედგენაში დიმიტრი გაბუნიას ან რა კავშირი აქვთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს და მის მდივანს შეწყალებულ მსჯავდებულებთან. არასაპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ამ შეკითხვებს პასუხს თადუმაძის უწყება არ გასცემს.
მმართველ გუნდში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ, თუმცა არ აქვთ პასუხი კითხვაზე - რატომ არ გამოკითხა პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილი?
სამართლებრივ გადაცდომებზე საუბრობს არასამთავრობო სექტორი. უფლებადამცველები ამბობენ, რომ შეწყალების უფლების ხელყოფა დაუშვებელია - მაგრამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.
შეიქმნება თუ არა პარლამენტის საგამოძიებო კომისია, ხვალ გაირკვევა. „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას ბიუროს სხდომაზე 4 ნოემბერს დაარეგისტრირებენ.