logo
ENG



ევროპულმა საქართველომ Covid19-თან ბრძოლის სტრატეგია წარადგინა

20 ოქტ 202019:53
3 წუთის საკითხავი
clock 440
gzjyh9zbielx7u9.jpg

დღეს ევროპულმა საქართველომ სპეციალურ ბრიფინგზე კორონავირუსის მართვის სტრატეგია წარმოადგინა. პარტიის თქმით, სტრატეგია პანდემიის ამ ეტაპზე აუცილებელი ნაბიჯების გეგმას გულისხმობს. 

პარტიის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, პირველი აუცილებელი ნაბიჯი პანდემიის მართვის პროცესში ცხელი ხაზისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაა, რაც, მისი თქმით, სწრაფი რეაგირებისთვის არის აუცილებელი. 

"როდესაც სეზონური გრიპის პირობებში ადამიანებმა არ იციან, კორონავირუსი სჭირთ, თუ ეს უბრალოდ სეზონური გრიპია იმისათვის, რომ საზოგადოებამ მშვიდად შეასრულოს ყველა აუცილებელი რეგულაცია, საჭიროა სწრაფი რეაგირების მექანიზმი.

ცხელი ხაზი უნდა მუშაობდეს გამართულად და ამავდროულად, გვპასუხობდნენ ოჯახის ექიმები. ვინაიდან, ეს ვირუსი სახლში, ბინაზე უნდა იმართოს, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება რეგულარულად, დაუყოვნებლივ ოჯახის ექიმის კონსულტაცია მიიღონ", - ამბობს ჭიაბერაშვილი. 

ჭიაბერაშვილის თქმით, პირბადეების ტარება სავალდებულო უნდა გახდეს, ვირუსის გადაცემის სიჩქარის შესაფერხებლად. 

ევროპული საქართველოს სტრატეგია მოიცავს პრევენციულ ზომებსაც, რაც რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებზე ზრუნვას გულისხმობს. ჭიაბერაშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ქართულ საზოგადოებას პანდემიის ჟამს უდგას, რისკჯგუფში შემავალი ადამიანების იზოლაციაა

"დღეს არ აქვს ყველა ოჯახს საშუალება, რომ მათ ოჯახში მყოფი მოხუცი, ან ქორნიკული დაავადების მქონე ადამიანი სრულფასოვან თვითიზოლაციაში იყოს. თუ ოჯახი და რისკჯგუფში შემავალი წევრი ნებაყოფლობით განაცხადებენ სურვილს, აუცილებელია, რომ ეს ადამიანები განთავსდნენ საკარანტინო სივრცეებში. 

ჭიაბერაშვილის თქმით, სახელმწიფომ საკარანტინო სივრცეები არა კოვიდინფიცირებულებისთვის, არამედ იზოლაციის მსურველი პირებისთვის უნდა გამოიყენოს. მისი შეფასებით, კოვიდინფიცირებული მსუბუქი პაციენტები ბინაზე უნდა მკურნალობდნენ, მძიმე პაციენტები კი კლინიკებში უნდა მოათავსონ. 

"რისკჯგუფებში შემავალი ადამიანები, სრული დაცვით უნდა იყვნენ ნებაყოფლობით იზოლირებული იმისათვის, რომ არ გვქონდეს მაღალი სიკვდილიანობა და სამაგიაეროდ, არ გავაჩეროთ ეკონომიკა იმ ნაწილში, სადაც რისკჯგუფში არშემავალ ადამიანებს შეეძლებათ ნორმალური ფუნქციონირება, რადგან ჩვენი საზოგადოება ეკონომიკის დამატებით ჩაკეტვას ვეღარ გადაიტანს", - ამბობს ჭიაბერაშვილი. 

სტრატეგიის შემდგომ ნაბიჯებზე პარტიის წევრმა ვახტანგ კალოიანმა ისაუბრა . მისი თქმით, აუცილებელია სახელმწიფომ კლინიკების აღჭურვასა და ინფრასტრუქტურის მობილიზაციაზე იზრუნოს. 

"კოვიდინფიცირებულთათვის განკუთვნილი საწოლების გაორმაგება, რაც სამედიცინო დაწესებულებების ეფექტური ფუნქციონირებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ასევე კოვიდ- და არაკოვიდპაციენტები უნდა განვაცალკევოთ ერთმანეთისგან", - ამბობს კალოიანი. 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ჰიბრიდული კლინიკების განვითარების გზით წავიდა, რაც, მისივე შეფასებით არასწორია, რადგან ამან ინფექციის გავრცელებას შეუწყო ხელი. 

"აუცილებელია მასობრივი ინფიცირების შემთხვევისთვის მომზადება, სამხედრო ჰოსპიტალების ან მასობრივი ტერიტორიების სახით. უნდა დაიწყოს მათი აღრიცხვა, აღჭურვა და მომზადება", - ამბობს მკოიანი. 

ბოლოს, კალოიანის თქმით, აუცილებელია სამედიცინო და ტექნიკური პერსონალის აღჭურვა ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით. მისი თქმით, სამედიცინო პერსონალში ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი სწორედ პრევენციული ზომების დეფიციტზე მიუთითებს. 

"ამას სჭირდება პასუხისმგებლიანი და ეფექტური ხელისუფლება", - ამბობს კალოიანი. 

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

სულ ქვეყანაში 19 857 კოვიდინფიცირებულია დარეგისტრირებული. მათგან, 8 666 გამოჯანმრთელდა, 158 ადამიანი კი ვირუსის შედეგად გარდაიცვალა. გარდაიცვალა 158 ადამიანი.


close დახურვა