logo
ENG



ეზუგბაია: COVID 19-ით ინფიცირებული 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 25-ის - მძიმე

13 სექ 202011:39
3 წუთის საკითხავი
 
ეზუგბაია: COVID 19-ით ინფიცირებული 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 25-ის - მძიმე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 831 პაციენტი მკურნალობს.

ეზუგბაიას თქმით, მათგან 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 25-ის მძიმე, დანარჩენების კი, საშუალო და მსუბუქი სიმძიმის.

"ჩვენს ცენტრში იყო 23 პაციენტი, გაეწერა 1 და დაგვემატა 6. ამ ეტაპზე გვყავს 28 დადასტურებული შემთხვევა. ამ 28 დადასტურებული შემთხვევიდან 1 არის კრიტიკულად მძიმე პაციენტი, ხოლო 3 მძიმე. ქვეყანაში 831 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმედ არის 4 პაციენტი და 25 არის მძიმე პაციენტი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმის არის", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მან დაავადების სიმპტომები კიდევ ერთხელ განმარტა და თქვა, რომ კოვიდინფექციას სახე ჯერჯერობით არ შეუცვლია.

"არის ასიმპტომური, ანუ სიმპტომების გარეშე, არის თავიდანვე დაწყებული მსუბუქი მიმდინარეობით, რომელიც დამთავრდება როგორც მსუბუქი, ასევე დაავადება შეიძლება, დაიწყოს პირდაპირ მძიმე, სუნთქვის უკმარისობით, პნევმონიასთან ერთად ან მის გარეშეც შესაძლებელია. ასევე შესაძლებელია დაავადების პროგრესირება ნებისმიერი ფორმის დროს. ასიმპტომური იქნება, მსუბუქი თუ საშუალო სიმძიმის ყველამ შეიძლება განიცადოს პროგრესირება დაავადების პირველი 10 დღის განმავლობაში და თითოეული ფორმიდან მივიღოთ მძიმე ფორმა, თუ პროგრესირება გაგრძელდება კრიტიკული ფორმაც კი", - განაცხადა ეზუგბაიამ.

დღეს, 13 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 152 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 9-ით გაიზარდა. ამ მონაცემებით ქვეყანაში ვირუსის 2227 შემთხვევაა, მათგან 1369 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 - კი გარდაიცვალა.


close დახურვა