„ბიუროს სხდომაზე გამზადებული იყო დასკვნა, ეს არის აბსოლუტური უკანონობა,“ - ამის შესახებ განცხადებას დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აკეთებს. მისი განცხადებით ეს დასკვნა უნდა ყოფილიყო მსჯელობის და განხილვის საგანი თვითონ კომიტეტის სხდომაზე, თუმცა ეს არ მოხდა, რაც აბსოლუტური უკანონობაა.
„ბიუროს სხდომაზე გამზადებული იყო დასკვნა, რომელიც თვალით ვერ ვნახეთ ვერც ერთმა კომიტეტის წევრმა. ეს არის, რომელიც დარიგდა აქ სესიაზე, მაგრამ ეს კომიტეტის დასკვნა, რომელიც უნდა ყოფილიყო მსჯელობის და განხილვის საგანი თვითონ კომიტეტის სხდომაზე, არათუ ეს არ მოხდა, არც ვიცი საერთოდ ეს დოკუმენტი როდის შედგა. ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რომელიც ეხლა ხდება. სესიაზე კენჭისყრის გარდა ვერავითარ მსჯელობას ვერ გამართავთ იმ კანიდატებთან დაკავშირებით, ეს იურიდიულ კომიტეტზე უნდა მომხდარიყო. იურიდიული კომიტეტი კიდევ რას გავდა თქვენ ხედავდით. კომიტეტზე მოსაზრებების მოსმენაც კი არ უნდოდა ვისაც სხდომა მიჰყავდა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში უვადო მოსმართლეობის კანდიდატებს უყრიან კენჭს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარდგენილი 20-კაციანი სიიდან რეკომენდაცია 14 მათგანს გაუწია, კენჭისყრა ხმაურისა და ოპოზიციის წინააღმდეგობის ფონზე წარიმართა, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია და პროცესი ბოლომდე მიიყვანა.