logo
ENG



ეკა ბესელია და სოფო კილაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

04 თებ 202015:06
3 წუთის საკითხავი
 

პარლამეტში საგაზაფხულო სესია სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. ერთმანეთს „ქართული ოცნებიდან“ წასული და მოქმედი დეპუტატები დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი შელაპარაკება ეკა ბესელიასა და სოფო კილაძეს შორის წარსული ამბების გამო მოხდა. ამის გარდა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სხდომაზე ლობისტების საკითხზე საუბარმაც.

ბაღდათში დატრიალებული ტრაგედიის გამო დღეს უმრავლესობამ განაცხადა, რომ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებებისგან ისინი თავს შეიკავებდნენ, სესიის გახსნის დროს მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილებს. „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულმა ეკა ბესელიამ სწორედ ბაღდათის ტრაგედიაზე საუბრისას თქვა, რომ მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამგვარი პრობლემებით უნდა იყოს დაინტერესებული, ამ დროს ის პოლიტიკური განცხადებებით არის დაკავებული. დღეს ეკა ბესელიამ ამნისტიის შესახებ კანონი გაიხსენა, საუბარია 2012 წელზე, როდესაც სოფო კილაძეს ეკა ბესელიას მისამართით გარკვეული ბრალდებები ჰქონდა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, თუმცა როგორც სოფო კილაძემ მედიასთან განაცხადა ის არ ეხება ამნისტიის პროექტს, და ამ საკითხით მთავარი პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

„ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც დღემდე ვერ გაუგია, რომელი კომიტეტის თავმჯდომარეა, ისეთ განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეს, რომ ვიღაცა პასუხისგებაში მისცენ პარლამენტის მიერ მიღებული აქტის გამო, არამედ ასეთ ფაქტებზე უნდა რეაგირებდეს. ვაპირებ, პასუხი მოვითხოვო, სად იყო ყველა ის ადამიანი, ვისაც რეაგირება ევალებოდა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სოფო კილაძის თქმით, ეკა ბესელია თუ მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ირღვევა, სასამართლოს უნდა მიმართოს.

„ვიცით ყველამ, რომ ბესელიას მიმართ კითხვის ნიშნები რომ არ იყოს დასმული, ამ საკითხზე გადააქვს ყურადღება. არც ამნისტიასა და არც პოლიტპატიმრებზე საერთოდ არანაირი კითხვის ნიშანი არ არის. კითხვის ნიშნები არის კონკრეტულ გვარებთან მიმართებით. კიდევ ერთხელ ვამბობ საჯაროდ, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ საქმით, მე არ ვარ არც გამომძიებელი და არც პროკურორი. მე ეს საკითხი დავსვი უმრავლესობის სხდომაზე კონკრეტული გვარებით, კონკრეტული დეტალებით. რაც შეეხება ბესელიას თავად თუ ის თვლის, რომ მისი უფლებები იქნა დარღვეული, ამ შემთხვევაში, მან ერთხელ უკვე მიმართა ელისაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს და მიბრძანდეს და მიმართოს ახლაც სასამართლოს“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.


close დახურვა