logo
ENG



ელისაშვილი: "ოცნების" მხრიდან გარკვეული კომპრომისები არის, თუმცა არასაკმარისი

07 დეკ 202011:20
3 წუთის საკითხავი
 

პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ ქართული ოცნების მხრიდან გარკვეული კომპრომისები არსებობს, თუმცა არასაკმარისი. 

რა პასუხი მიიღო ხელისუფლებისგან ოპოზიციამ, ელისაშვილს არ უთქვამს. 

"უნდა დათმოს ქართულმა ოცნებამ მნიშვნელოვანი რაღაცები. მაშინ მოლაპარაკებას საერთოდ აზრი არ ექნებოდა, მაშინ არც ჩვენ უნდა ვწვალობდეთ, არც ქართული ოცნება და არც ელჩები. შეიძლება დავიშალოთ ისე, რომ ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწიოთ, მაგრამ გარკვეული იმედი არის, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. გარკვეული კომპრომისები არის, არასაკმარისი. დანარჩენს სულ ცოტა ხანში გავიგებთ". - ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების III რაუნდი მიმდინარეობს. 

ისინი დღეს იმ 4-პუნქტიან გეგმას განიხილავენ, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა და რომლის ერთ-ერთი პუნქტიც რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. 

4 დეკემბერს ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით წარუდგინა წინადადებები, რომელშიც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. მათი თქმით, ეს დოკუმენტი არის ერთგვარი რუკა, რომელშიც კრიზისიდან გამოსვლის გზებზე არის ლაპარაკი. 

წარდგენილ წინადადებებში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლასთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ერთ-ერთი პუნქტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის დანიშვნასაც ეხება. 

ქართული ოცნება ოპოზიციის მიმართვას წერილობით არ გამოხმაურებია. მმართელი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება. 

რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების ფასილიტატორები საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები არიან. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში უკვე 2 შეხვედრა შედგა, თუმცა, უშედეგოდ. 

თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება. 


close დახურვა