პარტია მოქალაქეების ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე არჩილ თალაკვაძე აღმაშფოთებელი ინიციატივით მივიდა.
ალეკო ელისაშვილი არ აკონკრეტებს ინიციატივის დეტალებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ამგვარ მოცემულობაში ოპოზიციის არცერთი წარმომადგენლობა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.
"თალაკვაძე იყო მოსული წინადადებით, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. შესაბამისად მოლაპარაკების პირველი ნახევარი განსაკუთრებით მძიმედ მიდიოდა და ქართულ ოცნების მხრიდან ახლა ველოდებით უფრო ადეკვატურ, კომპრომისულ ნაბიჯს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ თვითონ ხელისუფლება და ცესკო აქრობენ შესაძლებლობებს. მაგალითად, თუ გუშინდელ დღემდე რელევანტური იყო დავთანხმებოდით გადათვლას, გუშინ ცესკომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო რომ ტექნიკურად, სამართლებრივად ეს გახადა შეუძლებელი...თალაკვაძე ინიციატივით მოვიდა, მაგრამ ეს ინიციატივა იყო აბსოლუტურად აღმაშფოთებელი.. ამ მოცემულობით მეორე ტურში მონაწილეობას არ მივიღებთ",-თქვა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, დიდი ალბათობით დაინიშნება მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი, მანამდე კი ოპოზიცია ხელისუფლებისგან მეტად კომპრომისული წინადადების მოლოდინშია.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება მზად არის, ოპოზიციასთან დიალოგი X მოწვევის პარლამენტში გაგრძელდეს.
ოპოზიციას აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე მოლოდინი ჰქონდა, რომ ქართულ ოცნებას შექმნილ ვითარებაში კონკრეტული წინადადებები ექნებოდა. თუმცა, ისინი ამბობდნენ იმასაც, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 13 ნოემბერს შემაჯამებელი სხდომის ჩატარებამ და ოპოზიციის და NGO-ების ყველა საჩივრის დაუკმაყოფილებლობამ დიალოგის ისედაც რთული პროცესი კიდევ უფრო გაართულა.