პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს, თუმცა დასძენს, რომ დიალოგი "წინაპირობების წაყენების" გარეშე უნდა შედგს - ვითარების პოლარიზაციასა და გამწვავებაზე კი საზოგადოებრივ პროტესტსა და პოლიტიკურ ოპოზიციას აკისრებს პასუხისმგებლობას.
პრეზიდენტმა განცხადება გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შეხსენებით დაიწყო, რასაც ე.წ 8 მარტის შეთანხმება ითვალისწინებდა და განაცხადა, რომ "მტკივნეული გადაწყვეტილება" სიტუაციის დეესკალაციისა და სახელმწიფოს სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მიიღო.
ოპოზიციური ლიდერების შეწყალება ნიკა მელიას გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე განსაკუთრებით რელევანტურია - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს სასამართლომ 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ოპოზიციური ლიდერი დამორჩილებას არ გეგმავს.
მელიას საქმის გამო პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაიძაბა, პრემიერმინისტრი გახარია გადადგა, შსს-მა კი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით გადადო, თუმცა ზურაბიშვილი ვითარების პოლარიზაციაზე პასუხისმგებლობას ქუჩის პროტესტს და პოლიტიკურ ოპონენტებს აკისრებს.
"ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დაუმორჩილებლობის ყველა ფორმის გამოყენება, საზოგადოებრივ-სოციალური პროტესტის წაქეზება მიზნად ისახავს ქვეყნის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას", - ამბობს პრეზიდენტი და მკაფიო პოზიციის დაკავების მიუხედავად, ოპოზიციასა და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს.
პრეზიდენტი მოსალოდნელ "უმძიმეს შედეგებზე" საუბრობს და დასძენს, რომ დიალოგი "წინაპირობების" გარეშე უნდა შედგეს. პრეზიდენტი ასევე ხაზგასმით აცხადებს, რომ არ სურს, მოლაპარაკებების პროცესი რომელიმე მხარემ გამარჯვებად აღიქვას.
"დარწმუნებული ვარ, რომ დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა და არა, როცა დათმობა აღქმულია სისუსტედ, ან უფრო მეტიც, როდესაც ეს შეიძლება ვინმემ საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს", - აცხადებს ზურაბიშვილი, - "ასევე, კონსტრუქციულ დიალოგს ეწინააღმდეგება წინაპირობების წაყენება და პროცესების რადიკალიზაცია".
პროცესის გამარჯვებად გასაღების საფრთხე პრეზიდენტმა სავარაუდოდ ოპოზიციის რიგებში დაინახა. გიორგი გახარიას გადადგომისა და მელიას დაპატიმრების გაჭიანურების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა ხელახლა განაცხადეს ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობის შესახებ და ხელისუფლების გადაწყვეტილება უკან დახევად აღიქვეს.
"ქვეყნის დაწყნარების" სიკეთეებზე საუბრის მიუხედავად, ზურაბიშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატ ღარიბაშვილს მოუწოდებს, არ დაუშვას ქვეყნის ინტერესებზე მაღლა რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან საკუთარი ამბიციების დაყენება.
"ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.