logo
ENG



ელჩი: ქმედებები, რომლებიც მეტად იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, არაა ქართველების ინტერესში

18 სექ 202415:04
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი ამბობს, რომ მთავრობის ანტიდემოკრატიული განცხადებები, დეზინფორმაცია აშშ-სა და დასავლეთის შესახებ და ისეთი განცხადებები, როგორიც პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ გააკეთა, არაა ქართველი ხალხის ინტერესში. 

რობინ დანიგანის თქმით, მსგავსი ტიპის ქმედებები და განცხადებები "იზოლაციაში აქცევს საქართველოს", რაც არ უწყობს ხელს ევროპასთან დაახლოების მიზანს.  

"მოკლედ ვიტყვი - საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-სა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, როგორც პრემიერმა გუშინ გააკეთა - არც ერთი არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს. ქმედებები და განცხადებები, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში.

ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ თქვა, რომ მათი მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან ერთადაა, და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს არ ემსახურება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მსოფლიოში არ არსებობს აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი ქართველი ხალხისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ დახმარებას საქართველოს გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო აყვავებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი, და განცხადებები, რომელიც საქართველოს შეერთებული შტატებისგან იზოლირებას ცდილობს, არავისთვისაა სასარგებლო.", - თქვა ელჩმა. 

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, გუშინ, 17 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.

კობახიძემ ელჩს უთხრა, რომ "აშშ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა" და "კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქართულ ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადახედვით" დაიმუქრა. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.


close დახურვა