ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული საავადმყოფოს ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტი მათ კლინიკაში 18 აგვისტოდან მკურნალობდა, თუმცა მძიმე დაავადებების ფონზე მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი პაციენტის მდგომარეობაზე მარინა ენდელაძემ დღეს, 23 სექტემბრის ბრიფინგზე ისაუბრა:
"დილის 8 საათზე გარდაიცვალა. იგი 18 აგვისტოს შემოვიდა ჩვენს კლინიკაში. ჰქონდა ძალიან ფონური დაავადებები. ის იყო ხორხის კიბოს გამო ახალი ნაოპერაციები, თავიდანვე ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, ანემია, მარჯვენა ფილტვის თრომბოემბოლია.
მისი მდგომარეობა, კოვიდ 19-ის მხრივ, გარკვეულწილად გაუმჯობესდა, იმიტომ რომ 3-4 სექტემბერს იყო უარყოფითი".
23 სექტემბრის მდგომარეობით, 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარას უკავშირდება. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 643 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.