სოციალ-დემოკრატები - საქართველოს განვითარებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს არ დააყენებენ. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ამის მიზეზი ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეების ხმების არგაყოფაა.
სოციალ-დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების შესაცვლელად საჭიროა ოპოზიციის ცვლილება.
"ქართული პოლიტიკური სივრცე ორი ძალის დაპირისპირების ასპარეზად იქცა. ურთიერთბრალდებებმა და კინკლაობამ ჩვენი ყოველდღიური რეალობა წალეკა. ამ ფონზე შეუძლებელია ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე მსჯელობა, რაც დამღუპველია საქართველოს მომავლისა და განვითარებისთვის. პოლიტიკური ვითარების შესაცვლელად აუცილებლად მიგვაჩნია ნაციონალური მოძრაობისა და მისი მოკავშირეების მინიმუმამდე დაყვანა ქართულ პოლიტიკაში, რათა მეტი ასპარეზი მიეცეს ჯანსაღ პოლიტიკურ ოპონირებას ქართული ოცნების მიმართ.
თუ გვინდა შევცვალოთ ქართული ოცნების პოლიტიკა და ხელისუფლება, უნდა შევცვალოთ ოპოზიცია. ჩვენი მიზანია ქვეყნის პოლიტიკური ელიტის რადიკალური ცვლილება. იმისათვის, რომ არ გაიყოს ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეთა ხმები, სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის არ წარვადგენთ ჩვენი პარტიის კანდიდატებს მაჟორიტარულ ოლქებში და მოვუწოდებთ ამომრჩეველს მხარი დაუჭიროს ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგე კანდიდატს", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
სოციალ-დემოკრატები პარტიის პროპორციულ სიას 14 სექტემბერს წარადგენენ.