logo
ENG



ენმ: ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად გარდაიცვალა აქციის ერთი მონაწილე

06 ნოე 202123:56
3 წუთის საკითხავი
 
ენმ: ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად გარდაიცვალა აქციის ერთი მონაწილე

ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ რუსთავის ციხესთან 6 ნოემბრის აქციის მონაწილე სწრაფი სამედიცინო დახმარების ვერ აღმოჩენის გამო გარდაიცვალა. 

მათი განცხადებითვე, აქციის განლაგების შესახებ პოლიციის ულტიმატუმებმა მასობრივი პროტესტისთვის სივრცე შეზღუდა, რასაც დაემატა ის რომ ადგილზე არ იყო მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების არცერთი ბრიგადა. 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რუსთავში, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ ოჯახს.

სამწუხაროდ, ქართული ოცნება ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობის უმცირეს ნაწილსაც კი რასაც უნდა გრძნობდეს ქვეყნის ხელისუფლება. მმართველი გუნდის ყველა ქმედება, ყველა ნაბიჯი, განპირობებულია ზიზღის, ბოროტების და შურისძიების ვიწრო პარტიული, დანაშულებრივი მოტივებით. დღეს, პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ხელი შეეშალა რუსთავში, ციხესთან გამართული პროტესტის ორგანიზებაში.

პოლიციის უკანონო ქმედებებმა და აქციის განლაგების შესახებ მათმა ულტიმატუმებმა გამოიწვია მასობრივი პროტესტისთვის სივრცის შეზღუდვა.

ამას დაემატა ის რომ ადგილზე არ იყო მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების არცერთი ბრიგადა. სამწუხაროდ მსგავსმა მიდგომამ გამოიღო ფატალური შედეგი და სწრაფი სამედიცინო დახმარების ვერ აღმოჩენის გამო, ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად გარდაიცვალა საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე.

მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას მცირედით მაინც გაიაზროს ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს პროტესტის მონაწილეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება", - წერია პარტიის განცხადებაში. 

გადაუდებელი დახმარების ცენტრმა რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის არყოფნა იმით ახსნა, რომ ამაზე აქციის ორგანიზატორებს არ მიუმართავთ მათთვის. 

ცენტრი აცხადებს, რომ მოქალაქის შეუძლოდ გახდომის გამო გამოძახებიდან 13 წუთში მივიდნენ ადგილზე და ჩაატარეს რეანიმაციული ღონისძიებები. 

"აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქის  გონების კარგვასთან დაკავშირებით გამოძახება 18:22 საათზე შემოვიდა. ქალაქ რუსთავის ფილიალის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე 18:35 საათზე იმყოფებოდა.

პაციენტს ადგილზე ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული  შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგაც, 18:45 საათზე, ჰოსპიტალიზირებულ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში", - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. 

დღეს, 6 ნოემბერს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაწყებამდე კაცი შეუძლოდ გახდა, სასწრაფოს მოსვლის შემდეგ კი გარდაიცვალა. ექიმები მას სამედიცინო დახმარებას ადგილზე უწევდნენ.

მომხდარს ფეისბუქზე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, რომლიც წერს, რომ სასწრაფო დახმარება აქციაზე არ იდგა და გამოძახების შემდეგ დაიგვიანა. 

"მე და ჩემთან ერთად 30 მდე ადამიანი შევესწარით, როცა 40 წუთის განმავლობაში სასწრაფო დახმარება ვერ მოვიდა. 40 წთ ვევედრებოდით პატრულს სასწრაფო დახმარების მანქანა დროზე მოსულიყო. ექიმმა, ვინც აქციაზე იყო ხელოვნური სუნთქვით აცოცხლა ადამიანი, სანამ ექიმები ფეხით არ მოვიდნენ. ფეხით (!!!) იმიტომ, რომ უკანა მხარეს სასწრაფომ ვერ მოაღწია. რატომ არ იდგა ამხელა აქციაზე სასწრაფო დახმარების მანქანა", - წერს ის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 


close დახურვა