logo
ENG



ეპისკოპოსი ნიკოლოზი კარტოგრაფების საქმეზე კითხვის პასუხად ზღაპარს ყვება

18 ოქტ 202013:48
3 წუთის საკითხავი
 

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი დავითგარეჯის და კარტოგრაფების საქმეზე დასმულ შეკითხვის პასუხად ზღაპარს ყვება.

"სელმა ლაგერლოფი იცით ვინ არის? ძალიან ცნობილი საბავშვო მწერალია და დაწერილი აქვს ნილსისა და გარეული ბატების საოცარი თავგადასავალი. ამ თავგადასავალში არის ერთი მომენტი, თაგვები აწუხებენ ქალაქს და ნილსმა იშოვა ჯადოსნური სალამური, უკრავს ამ ჯადოსნურ სალამურზე, უკან მიდის და ეს თაგვები მოყვებიან და მთელ თაგვებს გაიყვანს და დიდია, წყალში შევა და ამ თაგვებს გადაჩეხავს წყალში". - უთხრა ეპისკოპოსმა ნიკოლიზმა ჟურნალისტებს დავითგარეჯისა და კარტოგრაფების საქმის გამოძიებაზე კითხვის პასუხად. 

როგორც მიტროპოლიტი ნიკოლოზი განმარტავს, სალამურზე ჟურნალისტები უკრავენ და ადამიანები სალამურის ხმას მიყვებიან.

მისივე თქმით, "ამდენი ხანი დავით გარეჯის თემაზე საუბარი უმსგავსობაა" და თემაზე საუბრით დავით გარეჯს "არც არაფერი მოემატება და არც არაფერი მოაკლდება.

"მე მგონია, რომ რაღაცა უხილავი, ჯადოსნური ხელი აქნევს ამას. ვიღაცა სალამურზე უკრავს და ეს თქვენ ხართ, ჟურნალისტები და ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები მოგყვებით სალამურის ხმაზე. ამდენი ხანი ამ თემაზე საუბარი უმსგავსობაა. ჩვენი საუბრით მინდა დაგარწმუნოთ, გარეჯს არაფერი არ მოემატება და არაფერი მოაკლდება. გარეჯი არის საქართველო და მიმაჩნია, რომ ამდენი საუბარი სატელევიზიო სივრცეში ჯადოსნური ხელის ქნევაა". -აცხადებს ეპისკოპოსი ნიკოლოზი.

მისივე თქმით, კარტოგრაფების საქმეზე საჯაროდ ლაპარაკი უნდა შეწყდეს.  

***

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან".  

კარტოგრაფების საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე დავითგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონია. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ არაერთხელ უწოდა საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობას მოღალატეობრივი. 

თუმცა, წმინდა სინოდის წევრების ნაწილი კარტოგრაფების დაკავებას და მათთვის ბრალის წარდგენას არ ეთანხმება. 

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას არ ედავება უშუალოდ დავით გარეჯის მონაკვეთზე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას. უწყება მათ ედავება აზერბაინჯანთან კომისიის დონეზე სამუშაო დოკუმენტებზე შეთანხმებაზე და ამტკიცებს, რომ კომისიას სხვა დოკუმენტები რომ გამოეყენებინა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა. 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა". 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები". 

ნატალია ილიჩოვას ადვოკატი ნესტან ლონდარიძე კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიტყვებს ავრცელებს: "ყოველ წამს მგონია, რომ კარი გაიღება, შემოვა ვინმე და ბოდიშს მომიხდის ამ დანაშაულის გამო რომ მე აქ ვარ და დავტოვებ ამ დაწესებულებასო".


close დახურვა