logo
ENG



ერდოღანმა თურქეთში სამაშველო ოპერაციაში მონაწილე ქართველი მაშველები დააჯილდოვა

26 აპრ 202312:31
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში, სამაშველო ოპერაციაში მონაწილე ქართველი მაშველები დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა სპეციალური ჯილდო - "უმაღლესი თავდადების ორდენი" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკს მამუკა სეფიაშვილს გადასცა.

ის თურქეთის ქალაქებში - ადიამანსა და ანთაქიაში მომხდარი მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართულ სამაშველო ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

"ქალაქ ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში, თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ყველა ქვეყნის სამაშველო ჯგუფის ლიდერს სპეციალური ორდენი და მადლობის სიგელი გადასცა. პრეზიდენტმა ერდოღანმა სამაშველო ოპერაციაში ჩართულ მაშველებს გაწეული დახმარებისა და თავდადებისთვის მადლობა პირადად გადაუხადა"- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კატასტროფის პირველივე დღეს გაემგზავრა და ჯამში 200-მდე მაშველმა სამაშველო მისია 18 დღის განმავლობაში ორ ქალაქში შეასრულა.

***

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა. 

სტიქიას 50 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.  


close დახურვა