ერეკლე კუხიანიძე საოკუპაციო ხაზთან იმყოფება - თბილისის საკრებულოს წევრი, რომელსაც ცხინვალში დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო "„ქართული ოცნების“ უმრავლესობის დატოვება მოუწია, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ საკორინთლოში ჩავიდა.
კუხიანიძის განცხადებით ის ორი დღეა ცდილობს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას რათა ექიმის გათავისუფლებაში მონაწილეობა მიიღო. საკრებულოს დეპუტატი ოკუპანტის ენაზე მიმართავს ანატოლი ბიბილოვს, დახმარებას სთხოვს და პრეზიდენტად მოიხსენიებს
„იმ მიზნით მივდიოდი, რომ ჩემი წვლილი შემეტანა ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებაში და მქონდა ჩემი კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა მომხდარიყო ეს. გუშინ ვცადე მე ამის განხორციელება მაგრამ სადღაც ტყეში ვიბოდიალე და რაღაც მავთულხლართებში გავიჭედე. დღეს უკვე ეს ამბავი გახმაურდა და ახლა არ მინდა რაღაც ცირკს დაემსგავსოს. მინდოდა მიმემართა პრეზიდენტისთვის ბატონი ბიბილოვისთვის რომ გაფრინდაშვილი გაეთავისუფლებინა,“ - განაცხადა კუხიანიძემ.
საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე საკუთარ Facebook-გვერდზე 15 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა. კუხიანიძის თქმით, საოკუპაციო ხაზთან აქციის გამართვა პროვოკაციული ნაბიჯია და ამით ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება.
კუხიანიძის კრიტიკას საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება მოყვა. ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა კუხიანიძის საკრებულოდან გარიცხვა მოითხოვა. თავად ოცნების წევრმა, კუხიანიძემ Facebook-ზე მორიგ სტატუსი გამოაქვეყნა. ამჯერად, კუხიანიძე საზოგადოების კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, არასწორად მოქმედებენ ის ადამიანები, რომლებიც კუხიანიძეს კიცხავენ, ასევე მმართველი გუნდის მუშაობას იწუნებენ. მან საზოგადოების კრიტიკა ფსიქიკურ აშლილობად შეაფასა.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემრერს, ე.წ. საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის საქართველოსტერიტორიაზე იმყოფება.
14 დეკემბერს გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა, ის პატიმრობაში დატოვეს.