logo
ENG



ერის კაცობაში სააკაშვილი ასეთი არ იყო - მიშა მშვილდაძე ყოფილ პრეზიდენტზე

14 ნოე 201910:01
3 წუთის საკითხავი
 
c2a2wjk1ylrs7ak.png

"დგას საშიშროება, რომ ხელისუფლება აპირებს გადაგვაგდოს და პროპორციული არჩევნების წესი პარლამენტში ჩააგდოს. არსებობს მოსაზრებაც, რომ ბიძინა დროში გვიწელავს პროცესს და ხვალ პარლამენტს მაინც მიაღეინებს ამ კანონს ", -  ეს განცხადება მიშა მშვილდაძემ საავტორო გადაცემაში "თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან  ერთად" გააკეთა.

გადაცემის წამყვანმა მონოლოგი სწორედ საკანონმდებლო ორგანოში განვითარებული მოვლენების მიმოხილვით დაიწყო. 

მშვილდაძე  ასევე შეეხო ნიკა გვარამიას გადაცემას, სადაც სტუმრად  მიხეილ სააკაშვილი იყო. ცნობილია, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა ეკლესიის შესახებ, რის გამოც მიშა მშვილდაძემ მისი სტუმრობა შემდეგნაირად შეაფასა:

"გუშინ, ნიკა გვარამიას სტუმარი იყო სხალთისა და უკრაინის მიტროპოლიტი მიხეილ სააკაშვილი".

მისივე თქმით, ჰაგიოგრაფიული თვალსაზრისით სააკაშვილთან ინტერვიუ საინტერესო იყო. ასევე მისი თქმით, სააკაშვილის საუბრიდან საინტერესო იყო მისი მოსაზრება ფილმზე "და ჩვენ ვიცეკვეთ". კერძოდ, ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ახლო წარსულში ერთადერთი პროდასავლური ძალის ლიდერმა განაცხადა, რომ საქართველო ფუნდამენტურად ქრისტიანული ქვეყანაა და არის რაღაც საზღვრები, რომელიც არ უნდა დაარღვიო.

"ერის კაცობაში სააკაშვილი ასეთი არ იყო",-აღნიშნა მშვილდაძემ. 

აღსანიშნავია, რომ მიშა მშვილდაძე თავის მონოლოგში პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს რამდენჯერმე დაუბრუნდა. მან უმრავლესობის შეხვედრის დეტალები მიმოიხილა და ხაზი გაუსვა ირაკლი კობახიძის მუქარებს პარლამენტის ტრიბუნიდან. 

"რას გეტყვი იცი სერგო, დაგამთავრებ",- ამგვარად მიმართა კობახიძემ სერგო რატიანს. 

იმის გათვალისწინებით, რომ პროპორციულ სისტემას მაჟორიტარი დეპუტატები ეწინააღმდეგებიან, მშვილდაძე თავისი გადაცემის ფარგლებში ასევე დაინტერესდა, რას ფიქრობს ხალხი მაჟორიტარ დეპუტატებზე და თუ იცნობენ საკუთარ მაჟორიტარებს. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ მათი ვინაობა არ იცის.

კიდევ ერთი თემა, რაზეც გადაცემაში "თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან" ყურადღება გამახვილდა, ეს განათლების ახალი მინისტრია. 

"ახალი ამბავი, რომელიც ორი წლის წინაც ახალი ამბავი იყო",- სწორედ ასე შეაფასა გადაცემის წამყვანმა მიხეილ ჩხენკელის კანდიდატურის მეორედ არჩევანს განათლების მინისტრად.

მშვილდაძემ აქცენტი გააკეთა საარჩევნო დაპირებებზეც და შესაბამისად გადაცემაში ახალი რუბრიკა წარადგინა - დაპირების გახსენება. ამჯერად გადაცემის წამყვანმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველი გუნდის მიერ გაცემული დაპირება გაიხსენა:

"ქართული ოცნება" შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას. 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნით".

მშვილდაძემ ეს დაპირება ისტორიულ ლეგენდას შეადარა, რომელიც რეალობას არ შეესაბამება. 

რაც შეეხება სპეციალურ სტუმარს, გადაცემას "თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან" ამჯერად ამჯერად იუმორისტი და სცენარისტი მიხეილ ჯანელიძე ესტუმრა. მათ პროპორციული სისტემის დადებით და უარყოფით შედეგებზე, მოსალოდნელ საფრხეებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. 


close დახურვა