logo
ENG



ერმაკი: ჩვენ ვიცით და ვგრძნობთ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობას

25 მარ 202223:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/25/54vea19ylc073fg.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ვახო სანაიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინას აქვს ინფორმაცია ბოლო პერიოდში რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობის შესახებ, რაც საქართველოს პოზიციის შესახებ გაურკვევლობის შეგრძნებას აჩენს.

"ჩვენ ვიცით, ვგრძნობთ და ვიღებთ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობების შესახებ და ჩვენ ვიცით, რომ ეს უბრალოდ არ ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ეხება. ამიტომ არის შეგრძნება რაღაც გაურკვევლობის და ჩვენ ველით, რომ ეს გაირკვევა და იქნება გულწრფელობა და არავის ექნება შეგრძნება, რომ რაღაც [ბუნდოვანი] რჩება,"- განაცხადა ანდრეი ერმაკმა.

ერმაკი ამ გაურკვევლობის ერთ-ერთ მაგალითად საქართველოს პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ინიციატივისადმი მხარის არდაჭერას ასახელებს.

ის ამბობს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი განიხილავდა ამ ინიციატივას და საქართველოს პარლამენტისთვის მიმართვა მისთვის დიდი პატივი იქნებოდა. თუმცა ერმაკის თქმით, ქართველ დეპუტატთა უმრავლესობამ ამ ინიციატივას მხარი გაურკვეველი მიზეზებით არ დაუჭირა.

"მაგალითად, მე ვიცი, რომ იყო მცდელობა ზოგიერთი დეპუტატისგან მიემართა ჩვენი პრეზიდენტისთვის, რომ ის გამოსულიყო სიტყვით და მიემართა პარლამენტისთვის, როგორც ეს მოხდა ამერიკის პარლამენტის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, შვედეთისა და სხვა ბევრი ქვეყნის შემთხვევაში და მე ვიცი, რომ პრეზიდენტი განიხილავდა ამ შეთავაზებას და მე ვიცი, რომ ის დათანხმდებოდა იმიტომ, რომ საქართველო ჩვენთვის ძალიან მეგობრული ქვეყანაა.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქართველი დეპუტატების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ამ ინიციატივას გაურკვეველი მიზეზების გამო და ეს გახლავთ კიდევ ერთი წერტილი იმ გაურკვევლობაში. და როცა არსებობს ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის გაურკვევლობა რომელიმეს [პოზიციას] ეკუთვნის, მესამე მხარე არ არსებობს", - აცხადებს ანდრეი ერმაკი.

 

close დახურვა