logo
ENG



ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა დავა სააპელაციოშიც მოიგო

28 თებ 202314:42
3 წუთის საკითხავი
 
ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა დავა სააპელაციოშიც მოიგო

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა, დინარა ვაჩნაძემ შრომითი დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო - როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერს, დღეს სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საქმე ეხება 8 აგვისტოს გადაწყვეტილებას, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დინარა ვაჩნაძის სარჩელი დააკმაყოფილა და მუზეუმის ბრძანება სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ უკანონოდ ცნო.

"მოპასუხე სადავოდ ხდიდა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მუზეუმის არგუმენტაცია და სრულად ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მუზეუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობა", - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასთან ერთად, ახლა უკვე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც, მოპასუხე მხარეს დაეკისრა როგორც კომპენსაციის, ისე გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა.

ვაჩნაძე ერთ-ერთია კულტურის სამინისტროს სისტემიდან დათხოვნილ 100-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც დაკავებული თანამდებობიდან 2022 წლის დასაწყისში, თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ გამოცხადებული რეორგანიზაციის საფუძველზე განხორციელებული მასობრივი საკადრო წმენდის შედეგად გაათავისუფლეს.


close დახურვა