ესპანეთში, მადრიდის სამხრეთით, ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 64 ადამიანი დაიღუპა, ათობით მგზავრი კი მძიმედ დაშავდა. რეგიონული მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, შეჯახების დროს ორივე მატარებელში 500-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. დაღუპულთა განახლებული რაოდენობის მიხედვით, ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფა ქვეყნისთვის ყველაზე მასშტაბურია 2013 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მატარებლის რელსებიდან გადავარდნას 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ოპერატორი კომპანია Adif-ის ინფორმაციით, ერთმანეთს კომპანია Renfe-სა და კომპანია Iryo-ს მატარებლები შეეჯახნენ. Iryo-ს მატარებელი მადრიდი–სევილიის მარშრუტზე მოძრაობდა. მომხდარს გამოეხმაურა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, რომელმაც განაცხადა, რომ მძიმე სარკინიგზო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ შოკირებულია და მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრთან.
კატასტროფის მასშტაბსა და ადგილზე არსებულ ვითარებაზე ერთ-ერთი მატარებლის 17 წლის მგზავრმაც ისაუბრა ესპანურ ტელეარხთან ინტერვიუში. მოზარდის თქმით, შემთხვევის ადგილზე სრული ქაოსი იყო, მომხდარი კი მან ნამდვილ კატასტროფად შეაფასა. სამაშველო სამსახურები შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ, ხოლო ტრაგედიის დეტალებისა და მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია კვლავ ცვალებადია.
