ესპანეთის სამხრეთში, ანდალუსიის რეგიონში (ალმერიის პროვინცია), ძლიერ ტყის ხანძარს სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 19 დაკარგულად ითვლება. წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილთაგან ოთხი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა — ისინი საკუთარ ავტომობილში ჩაიკეტნენ და ცეცხლს ვერ დააღწიეს თავი. ტრაგედიის მსხვერპლთა უმრავლესობა, შესაძლოა, უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს.
სახლების დატოვება მოუწია 1 000-ზე მეტ ადგილობრივ მცხოვრებს. ასობით მეხანძრესთან ერთად, პროცესში ჩართულია ესპანეთის სამხედრო საგანგებო განყოფილებაც (UME).
სამხრეთ ევროპაში (ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია) მძვინვარე ხანძრების მთავარი მიზეზი ხანგრძლივი სიცხეა, სადაც ტემპერატურა 40°C–42°C-ს აღწევს.
მეცნიერები მომხდარს კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ, რადგან ევროპა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად თბებადი კონტინენტია, რაც ზაფხულში ექსტრემალურ სიცხეებსა და უფრო ინტენსიურ ხანძრებს იწვევს.
