logo
ENG



ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა - რატიანი მარგველაშვილისთვის დაცვის მოხსნაზე

03 მარ 202017:32
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტისთვის დაცვის მოხსნას ოპოზიციონერი დეპუტატები აფასებენ. მათი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება თავის დროზე პოლიტიკურად იქნა მიღებული, რადგან გიორგი მარგველაშვილს თავად ბიძინა ივანიშვილი ერჩის.

„როდესაც ასეთ რამეს აკეთებს ხელისუფლება, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მას ვერ შეაჩერებს და ის მიზნები რაც აქვს მას პოლიტიკაში, მისთვის ეს შემაფერხებელი ფაქტორი არ იქნება. ხელისუფლება იქცევა, როგორც ჩვეულებრივი დამშინებელი და დაცვის მოხსნით ძალის დემონსტრირებას აკეთებს“, - განაცხადა „ევროპული საქართველო“ წევრმა სერგო რატიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის რომან გოცირიძის თქმით, პრეზიდენტი არის თანამდებობის პირი, რომელიც ფლობს სახელმწიფო საიდუმლოს, სწორედ ამიტომ მისი უსაფრთხოებისთვის ელემენტარული ზომები უნდა იქნეს დაცული. გოცირიძის განმარტებით, გიორგი მარგველაშვილი ივანიშვილს იმის გამო დასაჯა, რომ მეოთხე პრეზიდენტი ივანიშვილს არ დაემორჩილა. 

„არის უსაფრთხოების საკითხი იმიტომ, რომ პრეზიდენტი ყველა ქვეყანაში არის თანამდებობის პირი, რომელიც ფლობს ძალიან დიდ სახელმწიფო საიდუმლოს და ელემენტარული უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს დაცული. დაცვის მოხსნაზე გადაწყვეტილება მიღებული იყო მანამ, სანამ ის პოლიტიკაში დაბრუნებაზე განცხადებას გააკეთებდა. ის თავის დროზე დასაჯეს იმისათვის, რომ არ დაემორჩილა ივანიშვილს“, - განმარტავს რომან გოცირიძე.

რაც შეეხება „ოცნებას“, მათ კანონის ის მუხლები მოაქვთ სადაც წერია, რომ არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ პარლამენტის თავმჯდომარესაც აღარ ეყოლება დაცვა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მამუკა მდინარაძის თქმით, თუკი კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ განსაკუთრებული საფრთხე არ არსებობს, მაშინ მას დაცვა აღარ უნდა ჰყავდეს.

„საქართველოში უკვე ის, დროა, რომ თუ რაიმე განსაკუთრებული საფრთხე არ არის კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ, რომელიც დაცვას ექვემდებარება, ერთი წლის შემდეგ თუ შეფასების საგანიც არ გახდა შესაბამისი უწყების, მაშინ მას დაცვა არ უნდა ჰყავდეს. ეს გადაწყვიტა საქართველოს პარლამენტმა თავის დროზე და ამისი ცალკე პიარ სვლად გამოყენება მე მგონი სწორი არ არის“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.


close დახურვა