logo
ENG



ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ არჩევნების მონიტორინგი დაიწყო

12 სექ 202417:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/12/1a31ad14t2ct257.jpg

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი დაიწყო. სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობაში უკვე არის 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი მათ 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დაემატებათ.

მისიის წევრები ხელისუფლებსი და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. დაგეგმილია შეხვედრა მედიასთანაც.

მისიის ხელმძღვანელმა ოუენ მერფიმ პრესკონფერენციაზე უარი თქვა წინმსწრებად შეეფასებინა საარჩევნო გარემო და ის, თუ რა გავლენას ახდენს მასზე რუსული კანონი, თუმცა მიუთითა ოდირის დასკვნაზე, რომელიც უკვე არსებობს. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წევრებს ჰკითხეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე, თითქოსდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს გამოიყენოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR), როგორც ინსტრუმენტი საქართველოში არჩევნებში ჩარევისთვის და ფერადი რევოლუციის მოსაწყობად.

"ოდირმა გამოაქვეყნა გადაუდებელი დასკვნა ამ კანონის შესახებ , თუმცა სადამკვირვებლო მისია დამოუკიდებლად აფასებს საარჩევნო კამპანიას, ამიტომ ჩვენ შევაფასებთ ნებისმიერი კანონის გავლენას თუ ეს რელევანტურია და თუ მას გავლენა აქვს საარჩევნო კამპანიაზე.

მე არ ვუპასუხებ ინდივიდუალურ განცხადებებს. რაც შემიძლია ზოგადად ვთქვა, ნებისმიერი ცნობა, თითქოსდა ჩვენი მისია წინასწარი განზრახვით იმუშავებს, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი მანდატი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელია. ჩვენ აქ ხელისუფლების მიერ ვართ მოწვეულნი. ჩვენი საფიქრალი არაა არჩევნების შედეგები, ჩვენი საზრუნავია პროცესი. ჩვენ არ ვერევით. ჩვენი როლი და ამოცანაა დაკვირვება სრული პროცესის", - განაცხადა მერფიმ.

ეუთო შუალედურ ანგარიშს არჩევნებამდე ორი კვირით ადრე წარადგენენ. რაც შეეხება საბოლოო ანგარიშს, ის არჩევნების შემდეგ 2-3 თვეში მომზადდება.


close დახურვა