ექიმი უკანონო ტყვეობაში უკვე მე-11 დღეა, იმყოფება. უკანონოდ დაკავებული ექიმის მხარდასაჭერად დღეს აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა. ოკუპანტები ამტკიცებენ, რომ ექიმი 2008 წლის ომის მონაწილეა და ე.წ. საზღვარი პოლიტიკური ნიშნით გადაკვეთა.
ვაჟა გაფრინდაშვილის კოლეგები და ოჯახის წევრები საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ განცხადებას, მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებენ. საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ექიმის შვილი გვიყვება, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს სკოლის მოსწავლე იყო და მამასთან ერთად დასასვენებლად წასვლას გეგმავდა, თუმცა ოჯახის გეგმები კრემლმა შეცვალა. ოჯახი ამბობს, რომ რუსული ჯარის საქართველოში შემოჭრის დღიდან ვაჟა გაფრინდაშვილს თბილისის კლინიკა არ დაუტოვებია.
ვაჟა გაფრინდაშვილის ახლობლები დეზინფორმაციას და პროპაგანდას უწოდებენ საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას, სადაც პირდაპირ წერია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომის მონაწილე, სამხედრო ექიმი და თადარიგის კაპიტანია. ტყვედ ჩავარდნილი ექიმის კოლეგები ყვებიან, რომ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად იმ მძიმე დღეებში ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენების პილოტებს მკურნალობდნენ. ისინი გადარჩენილ მფრინავებს რუსულად მიმართავენ და სიმართლის მოყოლას სთხოვენ.
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები, კოლეგები და ახლობლები შიშობენ, რომ ექიმის ომის ვეტერანად გამოცხადებით საოკუპაციო რეჟიმი საკითხის გამწვავებას ცდილობს და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართავენ.