logo
ENG



ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე ორ პედაგოგს ბრალი წარუდგინეს

01 ივლ 202014:10
3 წუთის საკითხავი
 

გასულ წელს ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე წასული მოზარდის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ სკოლა „ალბიონის“ ორ პედაგოგს  ბრალი წარუდგინა გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პედაგოგებიდან ერთი უკვე აღარ მუშაობს, ხოლო მეორისთვის საქმიანობის შეჩერების მოთხოვნით პროკურატურა სკოლას მიმართავს.

აღნიშნული ბრალდება ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, უწყება დადგენილ ვადებში მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით.

"საქმე ეხება 2019 წლის 26 მაისს სასკოლო ექსკურსიაზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს. სკოლის მოსწავლეები დირექტორის ბრძანების საფუძველზე სასკოლო ავტობუსებით წაიყვანეს ექსკურსიაზე. ექსკურსიის ორგანიზება და პასუხისმგებლობა დაევალა ნ.ს.-ს. პედაგოგებისთვის ცნობილი იყო, რომ მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო მდინარე სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა. 

პედაგოგებისთვის ცნობილი იყო, რომ სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა ჩანჩქერზე ბანაობას, თუმცა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ რეინჯერის გაფრთხილების მიუხედავად საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ ტერიტორიას კარგად იცნობდა და თავად წარუძღვა ბავშვებს ჩანჩქერზე. 

ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ უმეთვალყურეოდ დარჩენილი ნიკოლეიშვილი სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა გამოსვლა, რამაც გამოიწვია მისი სიცოცხლის მოსპობა", - განაცხადეს პროკურატურაში.


close დახურვა