ქართველი ექსპერტები საოკუპაციო რეჟიმის მორიგ ულტიმატუმს აფასებენ. მათი თქმით, ეს არის მორიგი პროვოკაცია და საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ არასწორ პოლიტიკასა ატარებს.
"ისინი ძალიან გათამამდნენ. გათამამდნენ იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იყო მათ მიერ ძალიან რბილი და ლოიალური. ერთი საგუშაგოს ჩადგმამ მათი მხრიდან არაადეკვატური და ისტერიული რეაქცია გამოიწვია. მათ იმედი აქვთ, რომ რუსეთი ყველაფერში დაეხმაურება. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება უკან არ დაიხევს და საგუშაგოს არ აიღებს. რუსეთს არ სჭირდება საქართველოსთან ახალი ომი, მითუმეტეს ცხინვალის გამო. მგონია, რომ ხელისუფლებას აქვს რესურსი, რომ უფრო მკაცრი იყოს", - განაცხადა ექპერტმა თორნიკე შარაშენიძემ "ფორმულასთან" საუბარში.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია ამბობს, რომ ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, იმისათვის, რომ უფრო მკაცრი იყოს.
"ნებისმიერი მათი ქმედება თუ განცხადება უნდა აღვიქვათ, როგორც ჰიბრიდული ომის ნაწილი. რუსეთი ცდილობს, რომ საქართველოში შიდა პროცესების განვითარებაზე, გარკვეული ბერკეტები იქონიოს. სამწუხაროდ ხელისუფლებას ერთიანი გეგმა არ გააჩნია, თუ რა პოზიცია უნდა დაიჭიროს რუსეთთან მიმართებაში", - აღნიშნა ქუთელიამ.