ლარის კურსის გაუფასურებას ექსპერტების ნაწილი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და კორონავირუსს უკავშირებენ. მათი თქმით, კორონავირუსის გამო, საქართველოში ტურისტთა რაოდენობა შემცირდა და შესაბამისად შემცირდა ის თანხაც, რომელიც უნდა შემოსულიყო საქართველოს ტურისზმის სექტორიდან.
„კორონავირუსის გამო, არის გამოწვეული ეს გაურკვვლობა, რაც მსოფლიოშია და ვერავინ ვერ პროგნოზირებს ეს როგორ შეიძლება გაგრძელდეს. თუმცა, გარკვეულ დანაკლისზე ამერიკულ დოლარებში გამოხატულზე უკვე საუბრობენ. საერთაშორისო ეკონომიკურ კრიზისებს ახასიათებს ტურიზმზე დარტყმა, რადგან მიმოსვლა მცირდება და თავისთავად ჩვენზე, როგორც ტურიზმზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულ ქვეყანაზე, ეს უკვე აისახა. ეს უკვე მოსალოდნელიც იყო მთავრობისთვის და ეროვნული ბანკისთვის და დაველოდოთ მათ ნაბიჯებს“,-განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
ექსპერტების მეორე ნაწილის თქმით, ლარის გაუფასურება რუსული რუბლის გაუფასურებას უკავშირდება, რადგან ქართული ეკონომიკა სწორედ რუსულ ეკონომიკაზეა მიბმული. სპეციალისტები უახლოეს თვეებში ფაზების ზრდას პროგნოზირებენ.
„დღევანდელ გაუფასურება ჩვენ უნდა დავაკავშიროთ რუსული რუბლის გაუფასურებასთან, რომელიც გამოწვეული იყო ნავთობის ფასის მკვეთრ დაცემასთან. საქართველოს ეკონომიკა მეტ-ნაკლებად რუსულ ეკონომიკაზეც არის დამოკიდებული, განსაკუთრებით ტურიზმის თვალსაზრისით. როგორც წესი გაუფასურება იწვევს ინფლაციას ცოტა დაგვიანებით, შესაბამისად რადგან ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა 1-2 თვის დაგვიაებით უნდა ველოდოთ ფასების ზრდას“,-განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.
ექსპერტები მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მოუწოდებენ, რომ შეცვალონ ეკონომიკური პოლიტიკა, რადგან წლებია ლარი ვერ სტაბილურდება და წინა წლებთან შედარებით ლარი მკვეთრად არის გაუფასურებული. როგორც ექსპერტები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გაიზარდოს საერთაშორისო ინვესტიციები და ინვესტორებს ჰქონდეთ მოლოდინი იმისა, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ლარი დღეს კიდევ ერთხელ გაუფასურდა. ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2 ლარი და 86 თეთრია. ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსიტ 2.8300 ლარია, ხოლო ერთი ევროს ღირებულება 3.2140 ლარია.