თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოსამართლემ 1 000 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
ხოლო დანარჩენ ოპოზიციურ ლიდერებთან დაკავშირებით წინა სასამართლო სხდომა 25 დეკემბერს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ განცხადება პროკურატურამ 6 ნოემბერს გაავრცელა.
"ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის ფაქტზე", - განაცხადეს პროკურატურაში.
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარდა ყველა პოლიტიკოსი, რომლის წინააღმდეგაც დევნა დაიწყო, ციხეშია. მათი ნაწილი წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამოა დაპატიმრებული და მათ რამდენიმეთვიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.
