ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს გაგრძელდება.
დღევანდელი სხდომა, რომელზე დასწრების უფლებაც მიხეილ სააკაშვილს არ მისცეს, ადვოკატებმა დატოვეს.
იმის გამო, რომ არ უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დასწრება სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილებას ითხოვდა. შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ადვოკატების განცხადებით, ბადრი კოჭლამაზაშვილს დავალება აქვს, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში ვერ მივიდეს.
სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ დიმიტრი საძაგლიშვილმა თქვა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა კანონი დაარღვია, როცა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მიყვანაზე უარი თქვა - ექსპრეზიდენტის სხდომაზე დასწრება სასამართლომ მოითხოვა.
"ჩვენ მოსამართლეს ვეკითხებით, რა რეაგირება აქვს იმაზე, რომ უკანონოდ არ შესრულდა მისი გადაწყვეტილება, რაზეც მოსამართლის პასუხი იყო გადაწყვეტილება მივიღე, მე მეტი რა გავაკეთოო. ფაქტობრივად მოსამართლემ თქვა, რომ ამ ქვეყანაში არავინ არაფერს ეკითხება და მის სიტყვას ფასი არ აქვს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის". - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
რაც შეეხება აცილების შესახებ შუამდგომლობას - ადვოკატი ამბობს, რომ დაცვის მხარეს არც ჰქონია მიუკერძოებლობის მოლოდინი, თუმცა, ამ მოტივით შუამდგომლობის დაყენებაზე მათი მხრიდან უარის თქმაც არასწორი იქნებოდა.
"ეს პროცესი იყო ფარსი, სადაც როლები იყო განაწილებული. ბადრი კოჭლამაზაშვილს მოსამართლის მანტია ჰქონდა მორგებული. პროკურორებს ეცვათ შარვალი და პიჯაკი, მაგრამ სხვა ფუნქციას ასრულებდნენ. მათი მიზანი იყო, ადვოკატებისთვის ხელი შეეშალათ თავისი ფუნქციის შესრულებაში". - ამბობს საძაგლიშვილი.
ამ შუამდგომლობამდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს, ე.წ პიჯაკების საქმის სხდომის გადაღების უფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, სხვა მედიებსაც მიეცეთ.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა უარი თქვა და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარის ამ მოთხოვნას შეეწინააღმდეგა პროკურატურაც.
ბრალდების მხარეს არც ის სურს, ადვოკატებმა სასამართლო დარბაზიდან მათივე ტელეფონით ფეისბუქ ლაივი გაუშვან.
სხდომაზე დასწრების თხოვნა სასამართლომ მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუკმაყოფილა, რომელსაც ვალდებულება აქვს, მასალა სხვა მედიებს მიაწოდოს. თუმცა, ვიდეომასალა, როგორც წესი, არის წყვეტილი და ფრაგმენტული, რაც სხვადასხვა მედიის ჟურნალისტებს სრული სურათის აღქმაში ხელს უშლის.
10 ნოემბრის სხდომაზე, როცა თბილისის საქალაქო სასამართლო 7 ნოემბრის საქმეს განიხილავდა, მოსამართლეთა კოლეგიამ ადვოკატებს ტელეფონით ტრანსლაციის ნება დართო.
დღევანდელ სხდომაზე დასწრების უფლება არ მიეცა თავად ბრალდებულს, მიხეილ სააკააშვილს.
გადაწყვეტილება, სააკაშვილი არ გადაეყვანათ სასამართლო დარბაზში, პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო და მიზეზად სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შესაძლო დესტრუქცია დაასახელა.
რაც შეეხება პიჯაკების საქმეს - ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება. მასთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ყოფილი უფროსი, თეიმურაზ ჯანაშია. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 4 წლის განმავლობაში 9 მილიონი ლარი გაფლანგა.