ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით - ესაა საერთო და შეთანხმებული მოთხოვნა, რომელსაც ხელისუფლებას ოპოზიციური სპექტრი უყენებს. საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩავარდნის შემდეგ, ყველაზე აქტიურად ე.წ. გერმანული მოდელი განიხილება, რომელიც მაჟორიტარების არსებობასაც ითვალისწინებს, თუმცა მანდატების რაოდენობა მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდება. ასეთი ფორმით ცვლილების მიღებას საკონსტიტუციო კვორუმი არ სჭირდება და 76 ხმაც საკმარისი იქნება. ხვალ ოპოზიცია მასშტაბური აქციისთვის ემზადება.
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა არის იმედგაცრუებული და ქართულმა საზოგადოებამ ხელისუფლებას არ უნდა მისცეს უფლება, რომ ისინი მოატყუოს.
„ყველა მინუს ერთი - ეს უნდა მოეხერხებინა ბიძინა ივანიშვილს, რომ ესეთი ფორმულა დამდგარიყო. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი. თქვენ ნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, ნახეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, წინა დღით იყო ევროსაბჭოს მისიის ხელმძღვანელის ბატონი ურსეს განცხადება, ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან იმედგაცრუებულია. არ მივცემთ არავის უფლებას, რომ ესეთი მოტყუებულები დაგვტოვონ, არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ქვეყანა ჯიბეში ჩაიდონ და დაგვცინონ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა არის იგივე და ეს მოთხოვნა ექნებათ მანამ, სანამ ქართული საზოგადოება არ მიიღებს იმას, რაც სჭირდებათ.
„გზავნილი არის იგივე და ერთიანობა კიდევ უფრო გამყარდა, ეს არის ვადამდელი პროპორციული არჩევნები და სრული მხარდაჭერა საპროტესტო აქციების მანამ სანამ ივანიშვილი და მისი სამარცხვინო გუნდი არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართული საზოგადოება სჭირდება. გარდაუვალი არის ეს ამბავი ადრე თუ გვიან სჯობია ადრე ვიდრე გვიან და ყველანაირი მწვავე რადიკალური აქციები მათი პოლიტიკური შევიწროების არის ლეგიტიმური იმ შეურაცხყოფის მერე რაც მიაყენეს ქართულ საზოგადოებას,“ - აცხადებს ბოკერია.
დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას თქმით, პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეთანხმება არ ნიშნავს გაერთანებას.
„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ყველანი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებზე და ამიტომ ვსხედვართ ერთი მაგიდის ირგვლივ და ეს არ არის ერთი პოლიტიკური კოალიცია ან გაერთიანება, სწორედ იქედან გამომდინარე, რომ მეც მაქვს წითელი ხაზები“, - განაცხადა ბესელიამ.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის თქმით, მათი მიზანია სცენარი არა რევოლუციური, არამედ კონსტიტუციური გზით განვითარდეს.
„თავისუფალი საქართველო დაინტერესებული ვართ იმით, რომ არა რევოლუციური არამედ კონსტიტუციური სცენარით განვითარდეს გზა და ვაძლევთ ივანიშვილის უკანასკნელ შანსს ამისათვის“, - განაცხადა კუკავამ.