თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.
კალაძის განცხადებით, გამზირებზე ათი მუნიციპალური პავილიონი განთავსდება, სადაც მოქალაქეები მათი კუთვნილი ავტომანქანების რეგისტრაციას შეძლებენ.
მისივე თქმით, პარკირება ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე, შშმ პირებისთვის, ელექტრომობილებისა და A კატეგორიის ტაქსის მფლობელებისთვის, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე უფასო იქნება.
"ჩვენ აღნიშნულ პროგრამას ეტაპობრივად ვახორციელებთ და საბოლოო ჯამში, ის მთელ ქალაქს მოიცავს. თბილისში, დღეის მდგომარეობით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ფარგლებში, 2 629 ადგილი მოქმედებს, ხოლო ამ ცვლილებით, დაახლოებით, 2 400 ადგილი დაემატება", - განაცხადა კალაძემ.
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად კოტე აფხაზის ქუჩაზე, შემდეგ ორბელიანის მოედანზე, ასევე, ვაკისა და საბურთალოს რაიონების გარკვეულ ქუჩებზე ამოქმედდა.