logo
ENG



ვარ ძალიან ბედნიერი, არაფრის მეშინია - ნავალნიმ პირველი კომენტარი გააკეთა

17 იან 202121:53
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/17/931y79b53ghtuk7.jpg

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ რუსეთში დაბრუნების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამშობლოში დაბრუნებით ძალიან ბედნიერია. 

მან იმ ადამიანებსაც მოუხადა ბოდიში, ვინ მასთან ერთად ბორტზე იმყოფებოდა და თქვა, რომ მის გამო, ამ ადამიანებს დისკომფორტი შეუქმნეს. 

გარდა ამისა, ნავალნის თქმით, მას არაფრის ეშინია, რადგან დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება "შეკერილია". 

"ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს ვინც ჩემთან ერთად, ერთი რეისით მოფრინავდნენ, ასევე ათასობით ადამიანს, რომელიც სხვა რეისებით მიფრინავდა ვნუკოვოში და დისკომფორტი შეექმნათ... ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს იმას თუ რა ხდება რუსეთში. ამან განაპირობა ჩემი დაბრუნება და გადაწყვეტილება. ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ჩამოვედი და ეს ჩემთვის საუკეთესო დღეა ბოლო 5 თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ძალიან მაგარი ქვეყანაა და მადლობას ვუხდი ადგილობრივ ექიმებს ყველაფრისთვის.

ვიცი, რომ ვარ მართალი, ვიცი, რომ ყველა ბრალდება არის მოგონილი, მე მშვიდი გულით გავალ საპასპორტო კონტროლზე და წავალ სახლში. არაფრის მეშინია და თქვენც მოგიწოდებთ რომ არ გეშინოდეთ", - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ.  

აღსანიშნავია, რომ ნავალნი რუსეთში ცოტა ხნის წინ ჩავიდა. მისი თვითმფრინავი შერემეტიევოს აეროპორტში დაჯდა. მანამდე თვითმფრინავმა, რომელიც ბერლინიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა და ვნუკოვოს აეროპორტში უნდა დამჯდარიყო, მიმართულება შეიცვალა. 

ცნობისთვის, ვნუკოვოს აეროპორტში ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის ალექსეი ნავალნის ძმა, აქტივისტები და მხარდამჭერები. 

რუსეთში დაბრუნების შესახებ ალექსეი ნავალნიმ 13 იანვარს განაცხადა. მანამდე პოლიტიკოსი 5 თვის განმავლობაში გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა. ის ბერლინში, შარიტეს კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. 

შეგახსენებთ, რომ ნავალნი 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. ომსკის ჰოსპიტალიდან ბერლინში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა მის ორგანიზმში აკრძალული ნერვული აგენტი - "ნოვიჩოკი" აღმოაჩინეს. ომსკის ექიმების დასკვნების საწინააღმდეგოდ, გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკოსი მოწამლული იყო. ის კომიდან 15 სექტემბერს გამოვიდა და მას შემდეგ თავს კარგად გრძნობს.  

 

 


close დახურვა