"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში სწრაფი, საყოველტაო ტესტირების ჩატარება დაგვიანდა, რის გამოც ქვეყანაში ვირუსი ვრცელდება.
როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ხელისუფლებამ უნდა წარადგინოს დოკუმენტი, რომელშიც გაწერილი იქნება თუ რა ფორმით უნდა ჩაატარონ მასობრივი ტესტირება. პოლიტიკოსმა მმართველი გუნდი უმოქმედობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ხელისუფლება პანდემიას სათავისოდ იყენებს.
"ბოლო დღეებში გაკეთებულმა არაერთმა განცხადებამ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ნათლად აჩვენა, რომ სამწუხაროდ "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად წელავს მასობრივ, საყოველთაო ტესტირების დაწყებას ქვეყანაში, რის მსხვერპლიც უკვე მაგალითად თეთრიწყაროში ექიმები არიან. ყველა ახალი შემთხვევა, რომელიც გამოვლენილია, ეს ხდება იმიტომ, რომ დროულად არ ტარდება ტესტი. არათუ მასობრივად ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის, არამედ მათ, ადამიანებს ვისაც სჭირდებათ დიაგნოსტიკა მათაც კი არ უტარდებათ დროულად ტესტირება. ამიტომ მივმართავ მთავრობას, რომ დროულად, საჯაროდ წარმოადგინოს დოკუმენტი, რომელშიც წავიკითხავთ რა სტრატეგიით აპირებენ მასობრივი ტესტირების დაწყებას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.