კონგრესმენების უმწვავეს ანგარიშს ოპოზიციური პარტიები ეხმიანებიან. „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკელი პარტნიორების მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა ნათელი მოჰფინა იმ ფაქტს, რომ საქართველოს დღეს მართავს, რუსული ჰიბრიდული ომის მიერ შექმნილი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანის შეცვლა და რუსეთისკენ წასვლა სურს.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ანგარიშს საქართველოს მოქალაქეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ და 31 ოქტომბრის არჩევნებზე გამოხატონ საკუთარი ნება, რათა საქართველომ თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოების გვერდით დაიმკვიდროს ადგილი.
„ამერიკელი პარტნიორების კიდევ ერთი, ძალიან მკაცრი და მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა, რითაც სრული ლუსტრაცია მოხდა ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის. საქართველოს დღეს მართავს, რუსული ჰიბრიდული ომის მიერ შექმნილი პოლიტიკური ძალა, რომელსაც უნდა რომ საქართველომ გეოპოლიტიკური არჩევანი შეიცვალოს და რუსეთისკენ წავიდეს.
ეს განცხადება ეკუთვნის მთელ დასავლურ სამყაროს, რომ მათ საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ. განცხადება ასევე ეკუთვნის თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. ფაქტები დადასტურებულია, რომ საქართველო ქართული ოცნების პირობებში დასავლეთში ინტეგრაციაზე ამბობს უარს და მიემართება რუსეთისკენ.
31 ოქტომბრის არჩევნები არ არის უბრალო არჩევნები. ეს არის რეფერენდუმი. ერთხელ ქართველმა ხალხმა უკვე გამოხატა პლებისციტის სახით საკუთარი განწყობა ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციაზე, კიდევ ერთხელ აი ამ 31 ოქტომბრის პლებისციტით, რეფერენდუმით ჩვენ უნდა ვთქვათ დასავლეთისკენ მივემართებით ევროპაში და ნატოში ინტეგრაციისკენ, თუ ჩრდილოეთისკენ.
მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, თქვენი განაჩენი უკვე გამოიტანა ცივილიზებულმა სამყარომ და დასავლეთმა. ჩვენ გამოგიტანთ განაჩენს 31 ოქტომბრის არჩევნებზე. საქართველო და ქართველი ხალხი არ დაუშვებს საქართველოს რუსეთისკენ შემოტრიალებას. ჩვენი მისწრაფება და ევროპული ადგილია ევროპული თავისუფალი სამყაროს გვერდით. ჩვენი ადგილია ევროკავშირში, ნატოში და თავისუფალ, განვითარებულ, ძლიერ სახელმწიფოებს შორის. ჩვენი ადგილი არ არის რუსული ტოტალიტარული სისტემის გვერდით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.