ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს დაასახელა მთავარი მოთხოვნა, რომელიც არჩევნების თავიდან, საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ჩატარებას გულისხმობს.
მან ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებენ პარლამენტში შესვლას და უარს ამბობენ ყველა მანდატზე.
"როგორც თქვენ, ასევე ჩვენ ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად, ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური.
არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას და არა თუ შესვლას, ყველა მანდატზე ვამბობთ უარს და ჩავხსნით სიებს.
ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და პირობას გაძლევთ, გავიმარჯვებთ, აუცილებლად, ერთად.
ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა - ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ და არა ამ გაყალბებულმა საარჩევნო ადმინისტრაციამ.
ამასთან, არ ვაპირებთ არანაირ მოლაპარაკებებში შესვლას. არ ვაპირებთ არანაირი დიალოგების წარმოებას. ერთადერთი მოლაპარაკება და შეთანხმება უნდა იყოს ახლიდან ჩატარებულ არჩევნებზე, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო ადმინისტრაცია და არა ქართული ოცნების და სუს-ის მიერ მართული საარჩევნო კომისიები", - თქვა გიორგი ვაშაძემ.