სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის და მისი თანაპარტიელები, საერთო ოპოზიციური შეთანხმების არშესრულების შემთხვევაში, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.
ვაშაძეს მიაჩნია, რომ სანამ მოლაპარაკებების რესურსი არსებობს, ოპოზიციამ შემაჯამებელი განცხადების გაკეთება არ უნდა იჩქაროს. ვაშაძემ აღნიშნა, რომ 10 დეკემბერს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ელჩების მედიაციით, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.
"სავარაუდოდ, ხვალ 11:00 საათზე დიპლომატიური კორპუსის მედიაციით იქნება შეხვედრა, სადაც იმედი მაქვს, რომ რაღაც საკითხებზე შეთანხმება შედგება. ახლა საერთო ოპოზიციურ პოზიციებზე პოზიციების შესაჯერებლად ვიმსჯელებთ. სანამ შეთანხმება არ შედგება, სტრატეგია აღმაშენებელი პარლამენტში შესვლას არ აპირებს. სტრატეგია აღმაშენებელი მომხრე ვართ შეთანხმების და მასში მონაწილეობის და არ ვემხრობით მოლაპარაკებების ჩაშლას. შეთანხმებაში ჩვენი მოთხოვნები გვაქვს წარდგენილი. ეს არის როგორც არჩევნებთან დაკავშირებით, არის პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და არის სხვა საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა ვაშაძემ.
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე 2 დღე რჩება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პარლამენტი 11 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე შეიკრიბება.
ამასთან, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ხელისუფლება საპირისპიროს იმედოვნებს. მხარეებს შორის, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, შეხვედრები მიმდინარეობს. მომდევნო და, სავარაუდოდ, გადამწყვეტი რაუნდი ხვალ, 10 დეკემბერს აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გაიმართება.