logo
ENG



ვაშაძე გახარიას: თქვენი რეაქცია მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, ამ შანტაჟის უკან თქვენ ხართ 

07 სექ 202014:32
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე გახარიას: თქვენი რეაქცია მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, ამ შანტაჟის უკან თქვენ ხართ 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საზოგადოება გამოძიებას არ ენდობა. ვაშაძის თქმით, გამოძიებას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების არც ერთი საქმე არ გამოუძიებია.

როგორც ვაშაძე აცხადებს, მსგავს საქმეებზე ხელისუფლების რეაგირება, მას აფიქრებინებს, რომ ამ საქმეების უკან სწორედ მმართველი გუნდი დგას. 

"ნუთუ თქვენ გგონიათ რომ თქვენ ვინმე გენდობათ, ან თქვენს მიერ პოლიტიკურად მართულ სამართალდამცავ ორგანოებს. კიდევ ერთხელ ვამბობ თქვენი რეაქცია ძალიან კონკრეტულად მიუთითებს, რომ როგორც ჩანს თქვენ ხართ ამ შანტაჟის უკან, როგორც ჩანს სწორედ თქვენი გუნდია ჩართული პერსონალური ცხოვრების ამსახველი მასალების შანტაჟში. იმის გამო, რომ ჩვენი მხრიდან არის ნულოვანი ნდობა, ამ ადამიანსაც არ უნდა, რომ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ხელი ნუ წაგიცდებათ და ამ კანონდარღვევას ნუ ჩაიდენთ",-აცხადებს გიორგი ვაშაძე.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ მის თანაგუნდელ ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ. როგორც ვაშაძემ განაცხადა, თუ კადრები გავრცელდება, ამას მისი გუნდის მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება. ის ეჭვობს, რომ მომხდარი მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება.

პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ვაშაძის განცხადებას ჭორაობა უწოდა და თქვა, რომ "იმის მაგივრად, რომ ჟურნალისტებთან დადგეს და იჭორაოს, ეს ინფორმაცია შესაბამის საგამოძიებო ორგანოებში მიიტანოს".

 


close დახურვა