logo
ENG



ვერ გათეთრდება ოცნება, რაც არ უნდა ხეხო ფულითა - გოცირიძე ლობისტურ კომპანიებზე

03 თებ 202011:46
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების გაძლიერებული კრიტიკის ფონზე, საქართველოს მთავრობა შეერთებულ შტატებში ლობისტურ კომპანიასთან აფორმებს კონტრაქტს. საქართველოს მთავრობამ  ლობისტურ კომპანია Chartwell Strategy Group-თან  ხელშეკრულება განაახლა. დოკუმენტი, რომელიც 27 იანვრით თარიღდება, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზეა განთავსებული. დოკუმენტის მიხედვით, კომპანია  საქართველოს მთავრობას  უზრუნველყოფს  სამთავრობო კავშირებით და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკონსულტაციო სამსახურით. ის იმუშავებს ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად  მთავრობის პროპაგანდის მხარდაჭერით, რომელიც მიმართული იქნება შეერთებული შტატების კონგრესისა და ადმინისტრაციისკენ.

ამ ლობისტურ კომპანიას საქართველოს მთავრობა მომსახურებისთვის, 2019 წლის ხელშეკრულებით, ყოველთვიურად 65 ათას დოლარს უხდიდა. უცნობია წლევანდელი კონტრაქტის ღირებულება. 

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, ლობისტურ კომპანიებში ფულის ხარჯვა არ იმუშავებს.

„როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამაში გადასახადების გადამხდელთა ფულიც დახარჯოს. არც ეს იმუშავებს, რადგან იმ მთავარი კითხვების გასაქარვებლად, რომელიც ჩვენს პარტნიორებს აწუხებს, რაც ეხება ძალაუფლების უზურპაციასა და პოლიტიკური ოპონენტების დევნას, ამისთვის საჭიროა ადგილზე ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა კაპანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის თქმით კი, ვერც ერთი ლობისტი შავზე თეთრს ვერ იტყვის.

„ვერ იტყვის ვერც ერთი ლობისტი შავზე თეთრს. ვერ გათეთრდება ოცნება, რაც არ უნდა ხეხო ფულითა. ფული ივანიშვილის გაფუჭებული სახის გამოკეთებას ვერ უშველის“, - აცხადებს გოცირიძე.

პარლამენტის წევრი თამარ ჩუგოშვილი კი აცხადებს, რომ მისი მმართველ გუნდში ყოფნის დროს ლობისტური კომპანიები, ძირითადად, სავაჭრო შეთანხმებების დადების საკითხებზე მუშაობდნენ. 

„რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ კონსულტანტებსა და  კომპანიებს, რომლებიც იყო ასეთი და ახლა გრძელდება თუ არა კონტაქტები მათთან, არ ვიცი. მე რაც მქონდა ინფორმაცია, ისინი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადებაზე და მაღალი რანგის შეხვედრების ორგანიზებაზე მუშაობდნენ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

პარტია „დავით ჭიჭინაძე-ტრიბუნას“ წევრი ზურაბ იაშვილი კი მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს ლობისტური კომპანიები არსებული სიტუაციიდან ვერ გამოიყვანენ. 

„ის, რასაც ქვეყნის შიგნით სჩადიან, რითაც მათი დისკრედიტირება მოხდა, როგორც პოლიტიკური ძალის, ცხადია, პირდაპირ ანარეკლის სახით აისახება საერთაშორისო პარტნიორებთან და ვერანიარი ლობისტური კომპანიები მათ ამ სიტუაციიდან ვერ გამოიყვანს“, - აცხადებს იაშვილი. 


close დახურვა