logo
ENG



ვის სჭირდება რემდესივირი - ცერცვაძე განმარტავს რა შემთხვევებში გამოიყენებენ პრეპარატს

17 დეკ 202019:14
3 წუთის საკითხავი
 
ვის სჭირდება რემდესივირი - ცერცვაძე განმარტავს რა შემთხვევებში გამოიყენებენ პრეპარატს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რა შემთხვევაში გამოიყენებენ და ვის დაენიშნება "რემდესივირით" მკურნალობა. 

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რემდესივირს მხოლოდ ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებთან გამოიყენებენ. ცერცვაძე ამბობს, რომ ეს პრეპარატი ყველა ავადმყოფისთვის საჭირო არ არის და ავადმყოფების ნაწილისთვის მისი გამოყენება არ შეიძლება. 

უფრო კონკრეტულად, ცერცვაძე განმარტავს, რომ "რემდესივირი" ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არის ჟანგბადდამოკიდებულია, ან ვისაც იმდენად მძიმე ფორმა აქვს, რომ მას ჟანგბადის მიწოდება სჭირდება". მისივე თქმით, თუ პაციენტს არ სჭირდება ჟანგბადის დამატებით მიწოდება, მას არც "რემდესივირი" სჭირდება. 

"ვის სჭირდება რემდესივირი? დავიმახსოვროთ კარგად, პაციენტებმაც და პირველ რიგში, ექიმებმაც. რემდესივირი ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არიან ჰოსპიტალიზირებულები. ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე და სასტუმროში მყოფ პაციენტებთან ის არ ინიშნება, აკრძალულია...

გულის დაწყვეტა ნუ გვექნება და ნუ შევაწუხებთ, მათ შორის ავადმყოფის ახლობლები ექიმებს. პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში წევს და ინტუბირებულია, მასზე რემდისივირის გამოყენება არ შეიძლება, წინააღმდეგ ნაჩვენებია. გარდა ამისა, რემდისივირი ეფექტურია ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის განმავლობაში. შემდეგ თუ გავაკეთებთ, ფაქტობრივად, ტყუილად გავაკეთებთ. ის არის ანტივირუსი მედიკამენტი, მას ვაძლევთ პაციენტს იმისთვის, რომ ვირუსი არ გამრავლდეს", - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.  

შეგახსენებთ, რომ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ პრეპარატი რემდესივირი უკვე საქართველოშია.

პრეპარატი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ეროვნული ცენტრმა 104 ათას დოლარად შეიძენა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 20 ნოემბერს ექიმებს ურჩია, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ რემდესივირი არ გამოიყენონ. მათი თქმით, პრეპარატი პაციენტის გამოჯანმრთელებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.

რემდესივირი ოქტომბერში აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციამ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატად დაამტკიცა. ისინი დაეყრდნენ კვლევას, რომლის მიხედვითაც რემდესივირი გამოჯანმრთელების ვადის შემცირებას ეხმარება.

 


close დახურვა