რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვს კონფლიქტი არ წამოუწყია და რუსეთი იძულებული გახდა პასუხი გაეცა დასავლეთისა და კიევის მოქმედებებისთვის.
„სიმართლე იმაშია, რომ ჩვენ არ გვინდოდა და ჩვენ არ დაგვიწყია ომი, არამედ ჩვენს წინააღმდეგ დაიწყეს ომი. საჭირო არ იყო წლების განმავლობაში უკრაინაში აგრესიული ნაციონალიზმისა და რუსოფობიის წაქეზება იმ მიზნით, რომ ის რუსეთთან ბრძოლის ინსტრუმენტი გამხდარიყო,“ — აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, მიუღებელი იყო ნატოს მხრიდან რუსეთის „ისტორიული ტერიტორიების სამხედრო ათვისება“ და სამხედრო ბაზების დაგეგმვა. პუტინმა დასავლეთი ასევე დაადანაშაულა კიევში „რადიკალების სახელმწიფო გადატრიალების“ წაქეზებასა და უკანონო რეჟიმისთვის შეტევითი შეიარაღების გადაცემაში. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, იგეგმებოდა საკონცენტრაციო ბანაკების ორგანიზება დონბასისა და ყირიმის მცხოვრებლებისთვის, ხოლო მშვიდობიან მოსახლეობას თავს ესხმოდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი „ეროვნებითა და სულით რუსები არიან“.
პუტინის ბრალდებების საპირისპიროდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპას არ აქვს უფლება სათანადოდ ვერ შეაფასოს მოსკოვის მილიტარიზმის საფრთხე. მისი თქმით, ომი ხვალაც რომ დასრულდეს, რუსეთი ევროპისთვის საფრთხედ მაინც დარჩება.
„ევროპაში გაყინული კრემლის აქტივები რუსეთს არასდროს დაუბრუნდება. ისინი შესაძლოა მომავალში ომის რეპარაციების სახით ან უკრაინის აღდგენის დასახმარებლად იქნეს გამოყენებული, ან ახლავე მივმართოთ შემდგომი ნგრევის თავიდან ასაცილებლად და მომავალი რეკონსტრუქციის გასაიაფებლად,“ — განაცხადა სიკორსკიმ.
პოლონელმა დიპლომატმა დასძინა, რომ ევროპა არ არის გლობალური იმპერია და არც გეგმავს ასეთი გახდეს, თუმცა ევროპული ქვეყნები საკმარისად ძლიერები უნდა იყვნენ, რათა პუტინის შეკავება შეძლონ.
