logo
ENG



ვნუკოვოს აეროპორტი დახურეს, ალექსეი ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში ჩაფრინდა

17 იან 202121:13
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/17/c1je0442r5s07gw.jpg

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი შერემეტიევოს აეროპორტში დაჯდა. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე თვითმფრინავმა, რომელიც ბერლინიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა და ვნუკოვოს აეროპორტში უნდა დამჯდარიყო, მიმართულება შეიცვალა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ვნუკოვოს აეროპორტმა თვითმფრინავების მიღებაზე უარი უამინდობის გამო თქვა, თუმცა ეს ცნობები ჯერ დაზუსტებული არ არის. 

ცნობისთვის, ვნუკოვოს აეროპორტში ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის ალექსეი ნავალნის ძმა, აქტივისტები და მხარდამჭერები. 

რუსეთში დაბრუნების შესახებ ალექსეი ნავალნიმ 13 იანვარს განაცხადა. მანამდე პოლიტიკოსი 5 თვის განმავლობაში გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა. ის ბერლინში, შარიტეს კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. 

შეგახსენებთ, რომ ნავალნი 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. ომსკის ჰოსპიტალიდან ბერლინში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა მის ორგანიზმში აკრძალული ნერვული აგენტი - "ნოვიჩოკი" აღმოაჩინეს. ომსკის ექიმების დასკვნების საწინააღმდეგოდ, გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკოსი მოწამლული იყო. ის კომიდან 15 სექტემბერს გამოვიდა და მას შემდეგ თავს კარგად გრძნობს.  


close დახურვა