უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ომთან დაკავშირებული გეგმების განსახილველად აშშ-ში ჩავიდა.
მისი თქმით, უკრაინის ომის შემდგომი მიმდინარეობა ამ შემოდგომაზე გადაწყდება.
"ჩვენ შეერთებულ შტატებში ჩავედით. ახლა პენსილვანიაში მივდივართ, სპეციალური ვიზიტით. შემდეგ ნიუ-იორკში, ვაშინგტონში. სწორედ ამ შემოდგომაზე გადავწყვეტთ, რა მოხდება ამ ომში. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, შეგვიძლია ჩვენი პოზიციები გავაძლიეროთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ვიზიტის დროს უკრაინის პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს უკრაინის გამარჯვების გეგმა გადაეცემათ. ის ასევე კონგრესსა და აშშ-ის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს წარედგინება.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკიმ პენსილვანიაში მოინახულა ქარხანა, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის საარტილერიო ჭურვები მზადდება.
უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტსა და პრეზიდენტობის ამჟამინდელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდება.
როგორც ცნობილია, ზელენსკის სურვილია, ტრამპთან უკრაინის გამარჯვების გეგმაზე საუბარი, რათა ომში რუსეთი დამარცხდეს.
"ვფიქრობ, ჩვენ დიდი ალბათობით 26-27 სექტემბერს შევხვდებით", - თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან.