უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში, გლობალური მშვიდობის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. ინფორმაციას პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ადასტურებს.
ცნობილია, რომ სამშვიდობო კონფერენციას 100-მდე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია დაესწრება.
"მშვიდობის სამიტი საშუალებას მისცემს გლობალურ უმრავლესობას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მსოფლიოში ყველასთვის მნიშვნელოვანი სფეროებში: ბირთვული უსაფრთხოება, სურსათის უსაფრთხოება და სამხედრო ტყვეების და ყველა გატაცებული ადამიანის დაბრუნება, მათ შორის უკრაინელი ბავშვებისა", - წერს ზელენსკი.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა სამიტის ყველა მონაწილეს, რომლებმაც გამოიჩინეს "ერთგულება მშვიდობის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების მიმართ."
გლობალური მშვიდობის სამიტი 15-16 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ბიურგენშტოკში გაიმართება. შვეიცარიამ მოიწვია 160-ზე მეტი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია, მაგრამ არა რუსეთი.