logo
ENG



ვოლსკი: ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან - ეგაა ოკუპაცია

13 ივლ 202020:05
3 წუთის საკითხავი
clock 1636
rx9p1rlotz7bbv0.jpg

გია ვოლსკი სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ოკუპირებულ რეგიონებში მოქალაქეების უფლებების დასაცავად.

როგორც ვოლსკიმ განმარტა, ოკუპაცია სწორედ ასეთ კანონდარღვევებს გულისხმობს და თუკი სახალხო დამცველს აქვს რაიმე კონკრეტული შეთავაზება, უნდა გააჟღეროს ის.

„მოხდა შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და ოკუპანტს მიეცა საშუალება, რომ განეხორციელებინა აგრესია. ოკუპაციის დამახასიათებელია ის უკანონობა, რაც სუფევს ამ რეგიონში, ამ ტერიტორიებზე, რასაც რუსეთი აკეთებს.

ამ ყველაფერში მან ხელი შეუწყო იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მაშინ მართავდა სიტუაციას. დღეს ხდება ასეთი უკანონობები, მაგრამ ამ ყველაფერზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც არის მონაწილე იმ უბედურებების, რაც დაგვაწია რუსეთმა.

ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან - ეგაა ოკუპაცია. რა გგონიათ ოკუპაცია, რომ კარგია? რას მკითხავ? 

სახალხო დამცველმა ძალიან კარგად იცის, რომ ოკუპაციასთან ბრძოლის ბერკეტი ორია - დიპლომატიური ასპარეზი, სადაც ყველაფერი კეთდება და მეორე არის შეიარაღებული თავდაცვა. იქნებ მას გამოცდილება და პროფილი გააჩნია სახალხო დამცველს.

ბრტყელი განცხადებების კეთება პოლიტიკური პლატფორმიდან ადვილია - სახელმწიფოს არ უნდა აკრიტიკებდე ისეთ რამეზე, რაც ზუსტად იცი, რომ კეთდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე 11 ივლისს გაიტაცეს რუსმა ოკუპანტებმა. ის ტყეში სოკოს მოსაგროვებლად იმყოფებოდა, როცა ფეხში დაჭრეს და, სავარაუდოდ, საოკუპაციო ხაზის კვეთისთვის დააპატიმრეს.

ზაზა გახელაძის ოჯახს ეწვია სახალხო დამცველი - ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფოს არ აქვს მსგავს შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მექანიზმი.

„რაც ყველაზე მეტად ართულებს ვითარებას, რეალურად, მსგავსი ტიპის შემთხვევების დროს, როდესაც საქმე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას ეხება, ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, არ გვაქვს არანაირი მექანიზმი, რომ ასეთ დროს ქვეყანამ ეფექტური რეაგირება მოახდინოს. არ მუშაობს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი, ჟენევის ფორმატი მსგავსი შემთხვევების რეაგირებისთვის არ არის ეფექტური და რეალურად, ქვეყანა დარჩენილია ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმის გარეშე“, - აცხადებს სახალხო დამცველი. 


close დახურვა