logo
ENG



ვრცელდება უკრაინაში ომის შესახებ ბავშვებისთვის შექმნილი რუსული პროპაგანდისტული ანიმაცია

04 მარ 202215:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/04/7ji5uyy49f7roxx.jpg

სოციალურ ქსელებში ვრცელდება რუსული მედიის - 1rus.ru მიერ შექმნილი პროპაგანდისტული ანიმაციური ვიდეო, სადაც ბავშვებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს რუსეთის ხელისუფლების პოზიციიდან უხსნიან.

ვიდეოს აწერია: აჩვენეთ ბავშვებს- ზღაპარი ვანიასა და მიკოლაზე.

ანიმაცია ორი მეგობრის, ვანიასა და მიკოლას ურთიერთობაზე ჰყვება, სადაც ვანია რუსეთის, მიკოლა კი უკრაინის პროტოტიპია. ანიმაციის ყველა გმირს შესაბამისი ქვეყნის დროშის მქონე მაისური აცვია.

მთხრობელი ყვება, რომ ისინი ბავშვობიდან მეგობრობდნენ, თუმცა მიკოლამ (უკრაინამ) სხვა მეგობრები გაიჩინა (აშშ, გერმანია) და ძველი მეგობრების (ლუგანსკისა და დონეცკის) ჩაგვრა დაიწყო. რასაც ვანია (რუსეთი) შეეწინააღმდეგა და მიკოლას (უკრაინას) ჩაგვრის იარაღები წაართვა. 

ვიდეოს მეორე ნაწილში ნათქვამია, რომ ანალოგიურია რუსეთისა და უკრაინის ამჟამინდელი კონფლიქტიც. ანიმაციის მიხედვით, უკრაინამ მეზობელი ე.წ ლუგანსკისა და დონეცკის სახელმწიფოების ჩაგვრა, რუსეთმა კი მათი დაცვა დაიწყო.

"ზუსტად ასეთი ისტორია მოხდა ორ მეზობელ ქვეყანას რუსეთსა და უკრაინას შორის. დიდებული მეგობრობა დაანგრია დონეცკისა და ლუგანსკის ისტორიებმა. უკრაინამ დაიწყო რუსული დასახლებების მითვისება, ამიტომ ოლქებს მოუნდათ გამოყოფა და რუსეთთან მიერთება. უკრაინა არ დასთანხმდა და დაიწყო ამ ტერიტორიებთან ომი.

რუსეთმა სცადა ადამიანების მკვლელობის შეჩერება და საკითხის მშვიდობიანად გადაჭრა. უკრაინამ დადო პირობა, რომ აღარ დაბომბავდა ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებს, მაგრამ ამის გაკეთება გააგრძელა და მშვიდობისკენ არცერთ მოწოდებაზე არ რეაგირებდა. რის შემდეგაც რუსეთმა გადაწყვიტა უკრაინისთვის იარაღის წართმევა.

ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო რუსეთის იმაში დადანაშაულება, რომ მან დაიწყო ომი. „მე ხომ მხოლოდ უკრაინის იარაღს ვანადგურებ, რომ მან დონეცკისა და ლუგანსკის წინააღმდეგ არ გამოიყენოს? უპასუხა რუსეთმა. მაგრამ მას არ უსმენენ დასავლეთში, რადგან უკრაინა ყველას ეუბნება, რომ რუსეთს უნდა ხალხის მოკვლა." - ამბობს ანიმაციის მთხრობელი.

ვიდეო მთავრდება სიტყვებით, რომ რუსეთი კვლავ იმედოვნებს, რომ უკრაინა დათანხმდება საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტას და აღარ დაარღვევს შეთანხმებებს.

„ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მშვიდობას უჭერს მხარს და ღიაა ნებისმიერი კონფლიქტის განხილვისთვის“ - ისმის ანიმაციის დასასრულს.

კადრები ანიმაციიდან:


close დახურვა